ევროპარლამენტის არჩევნები 2024

მოსალოდნელზე ნაკლები ცვლილება და მომდევნო ნაბიჯები – ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები

ევროპარლამენტის არჩევნები 2024

მოსალოდნელზე ნაკლები ცვლილება და მომდევნო ნაბიჯები – ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები

6-9 ივნისს ევროკავშირის 27 ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. 2024 წლის არჩევნებში აქტივობა ბოლო 2 ათწლეულში ყველაზე მაღალი იყო და მასში მონაწილეობა შესაბამისი ასაკის ევროპელების 51.07%-მა მიიღო.

ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი, თუმცა ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც მოქალაქეები პირდაპირი წესით ირჩევენ. ბლოკის საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიასთან ერთად ევროპული კანონმდებლობის მიღებასა და მისთვის დემოკრატიული ლეგიტიმაციის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. ის ასევე წარმოადგენს პლატფორმას ფართო დებატისთვის საწყისი წერტილია ბლოკის აღმასრულებელ თანამდებობებზე კანდიდატების დასანიშნად.

როგორია არჩევნების შედეგი

თვეების განმავლობაში წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ულტრამემარჯვენე ძალების მხარდაჭერა შედარებით გაზრდილი იყო, ხოლო ცენტრისტების მიმართ სიმპათია შემცირებული. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტში ძალთა ბალანსი და პოლიტიკური კონფიგურაცია რადიკალურად არ შეცვლილა.

ევროპარლამენტში ყველაზე მეტი - 189 მანდატი კვლავ ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მიიღო. მას მოსდევს სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D) 135 მანდატით, შემდეგ:

  • განახლებული ევროპა (Renew Europe) - 79;
  • კონსერვატორები და რეფორმისტები - 76;
  • იდენტობა და დემოკრატია (ID) - 58;
  • მწვანეები (EFA) - 53;
  • მემარცხენეები - 39;
  • პოლიტიკურ ჯგუფებთან არააფილირებული - 91.

საბოლოო შედეგები აჩვენებს, რომ მემარჯვენე ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ევროსკეპტიკურობითა და ევროკავშირის ზოგადი პოლიტიკის კრიტიკით გამოირჩევიან, მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა, ამასთანავე გაზრდილია ცენტრისტული ალიანსის მხარდაჭერაც. დრამატულად, 24 მანდატითაა შემცირებული ლიბერალური განახლებული ევროპის (Renew) მიერ მოპოვებული ადგილები. თუმცა, საბოლოო სურათ კვლავ ბალანსის გარანტად შეგვიძლია მოვიაზროთ.

ამჟამად ძირითადი მემარჯვენე ძალები (ID და ECR) პარლამენტში 134 მანდატს ფლობენ, თუმცა ამ ჯგუფებში არ შედის გერმანული AfD (ალტერნატივა გერმანიისთვის) 15 და უნგრეთის მმართველი პარტიის, Fidesz-ის 10 ადგილი. გაერთიანების შემთხვევაში მემარჯვენეთა ალიანსი ევროპარლამენტის მეორე ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი გახდებოდა, თუმცა ამჟამად კომპრომისი არათუ არააფილირებულ AfD-სა და Fidesz-სთან, არამედ ID-სა და ECR-ს შორისაც არ არსებობს. ეს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგზე მათ პოტენციურ გავლენას მკვეთრად ასუსტებს.

რა ხდება არჩევნების შემდეგ

როგორც წესი, ევროკავშირში რეალური ბრძოლა არჩევნების შემდეგ იწყება, რადგან მასთან დაკავშირებული უმთავრესი საკითხი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების, მათ შორის ევროკომისიის შემდეგი პრეზიდენტის არჩევაა. შესაბამისად, ახლა დადგა დრო, როცა ბლოკში ოთხი მთავარი და ათობით შედარებით მცირე აღმასრულებელი პოზიციის დასაკავებლად შეთანხმება უნდა შედგეს. თუმცა, შესაძლოა, ეს პროცესი არც ისე რთულად წარიმართოს, როგორც მოსალოდნელი იყო.

პროცედურა შემდეგია. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მეთაურები უნდა შეთანხმდნენ და შემდეგ პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის მომავალი პრეზიდენტების კანდიდატურებს, საგარეო პოლიტიკის მომავალ ხელმძღვანელთან ერთად (უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში). სწორედ ეს ლიდერები განსაზღვრავენ ევროკავშირის მომავალს 2029 წლამდე.

ამჟამად კომისიის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი კვლავ ურუსლა ფონ დერ ლაიენია და სავარაუდოდ, ევროპარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს 18 ივლისს უყრის. კანდიდატს ჯერ ევროკავშირის ლიდერების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა, შემდეგ კი ევროპარლამენტარების ნახევარზე მეტის, ანუ 361 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

16 ივლისს პირველი არჩევანი თავად ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად უნდა გაკეთდეს. EPP-ის მხარდაჭერით პოზიციის დაკავება მეორე ვადით, შემდეგი ორი წლით კვლავ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას სურს. როგორც წესი, ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობა ორ უმსხვილეს ჯგუფ შორის, ანუ EPP-სა S&D-ს შორის ნაწილდება. სავარაუდოა, რომ პოზიციას კვლავ მეცოლა დაიკავებს, ხოლო 2026 წელს მას S&D-ს წარმომადგენელი გადაიბარებს.

ამ დროისთვის პოლიტიკურ ჯგუფებს უკვე შეთანხმებული უნდა ჰქონდეთ, როგორ ანაწილებენ სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობასაც. ცენტრთან დაახლოებულ ჯგუფებს სურთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოზიციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს კენჭი ივლისშივე უყარონ, რათა მემარჯვენე ჯგუფებისგან შესაძლო გართულებები თავიდან აიცილონ.

ევროკომისიის პრეზიდენტის დანიშვნას მოჰყვება 26 ევროკომისრის შერჩევის პროცესი, როცა თითოეული ქვეყანა ევროკომისიის პრეზიდენტს წარუდგენს კანდიდატებს ისეთი პორტფელების ჩასაბარებლად, როგორიცაა თავდაცვა, ვაჭრობა, გაფართოება, კონკურენცია და სხვა. სწორედ ამ პროცესში ინიშნება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელიც, რომელიც ამჟამად ესპანეთის წარმომადგენელი, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელია და რომელსაც ჯერ ევროპული საბჭოს მხარდაჭერა, ხოლო შემდეგ კომისიის პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება.

ბოლო აღმასრულებელი პოზიცია, რომლის არჩევაშიც ევროპარლამენტი არ მონაწილეობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაა. შარლ მიშელის ჩასანაცვლებლად შეთანხმება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის 1 დეკემბრამდე უნდა შედგეს. ჯერჯერობით, რთული სათქმელია ვინ გახდება პრეზიდენტი, რომელსაც ბლოკის ლიდერების ერთი მაგიდის გარშემო შეკრება და სტრატეგიაზე მუშაობა ევალება. 

სავარაუდოა, რომ მთავარ ვაკანტურ პოზიციაზე საბოლოო მონახაზი 27-28 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე გაჩნდება. თუმცა, საერთაშორისო მედიის ცნობით, საბოლოო კონსენსუსის ჩანასახი უკვე არსებობს: ევროკომისიის პრეზიდენტად კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად პორტუგალიის პრემიერმინისტრი ანტონიო კოსტა, ევროპარლამენტის პრეზიდენტად კვლავ რობერტა მეცოლა, ხოლო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლად ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი.

ბევრისთვის შეთანხმების მისაღწევის სიჩქარეში პოზიტიური ფაქტორია ამჟამინდელი მდგომარეობა საფრანგეთშიც. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ჩვეულებრივ გამოირჩევა ევროკავშირის აღმასრულებელ წრეებში საკუთარი კანდიდატების აქტიური მხარდაჭერით, ამჟამად შიდა პოლიტიკური პრობლემებითაა დაკავებული და ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის მარცხისა და ეროვნული ასამბლეის დათხოვნის შემდეგ ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება.

ასეა თუ ისე, პროცესი კვლავ აქტიურია და უახლოეს კვირებში ვიხილავთ, თუ ვინ განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას შემდეგი 5 წლის განმავლობაში.

არჩევნების გავლენა ეროვნულ მთავრობებზე

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის მოქალაქეებმა ერთგვარ რეფერენდუმად გამოიყენეს, რათა მათი მთავრობების პოლიტიკაზე აზრი დაეფიქსირებინათ. 

საფრანგეთში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის (Rassemblement National) აბსოლუტურმა წარმატებამ პრეზიდენტ მაკრონის პროვოცირება შეძლო, მან საკანონმდებლო ორგანო, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ სხვა ლიდერს ასეთი დრამატული ნაბიჯი არ გადაუდგამს, მმართველი პარტიის უარყოფითი შედეგები ისეთ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, ამჟამინდელი ლიდერებისთვის დიდი დარტყმაა.

მეორე მხრივ, მაგალითად დანიაში, მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა ევროპარლამენტის არჩევნებით მათი ლეგიტიმაცია განიმტკიცეს. იტალიაში ამომრჩეველთა მეოთხედზე მეტმა მხარი კვლავ მმართველ მემარჯვენე პარტიას დაუჭირა პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის მეთაურობით. მსგავსი მდგომარეობაა, მაგალითად, ავსტრიასა და ნიდერლანდებში, სადაც საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენეთა წარმატება კვლავ გამეორდა.

რას ცვლის არჩევნები ბლოკის დღის წესრიგში

"ცენტრი სტაბილურია, დღეს კარგი დღეა ევროპის სახალხო პარტიისთვის" - თქვა ევროკომისიის ამჟამინდელმა და სავარაუდოდ, მომავალმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არჩევნების დასრულების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს ნამდვილად ვხედავთ, ზოგადი მდგომარეობა ბლოკში კვლავ სტაბილურად ნარჩუნდება და შენარჩუნდება. თუ იმ ფაქტსაც გავასწრებინებთ, ვინ არის ყველაზე ახლოს აღმასრულებელი თანამდებობების დაკავებასთან , შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის ზოგად დღის წესრიგში დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. 

შესაბამისად, ცენტრი ნამდვილად სტაბილურია, მაგრამ მემარჯვენეების მხარდაჭერის ზრდამ ხაზი გაუსვა მზარდ უკმაყოფილებას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია ბევრ წევრ სახელმწიფოში და როგორაა ეს დაკავშირებული ევროკავშირის პოლიტიკასთან.

ევროპარლამენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ეს უკანასკნელი ძირითადად რჩება ეროვნული მთავრობების ხელში. თუმცა, პარლამენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანონმდებლობის შემუშავებაში, პოლიტიკური დებატების ჩამოყალიბებაში და ფინანსური რესურსების გამოყოფაში.

მაგალითად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნების შედეგებს გავლენა ექნება უკრაინისადმი ევროპულ მხარდაჭერაზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის გავლენას მოახდენს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე.

თავად მემარჯვენეებს შორისაც არ არსებობს კომპრომისი ბევრ საკითხზე და როცა მაგალითად ECR ჯორჯია მელონის ლიდერობით მხარს უჭერს უკრაინას, რუსეთთან პოლიტიკური კავშირების მქონე ID-ს განსხვავებული პოზიცია აქვს. ამას ევროკავშირის ცენტრისტულ პოლიტიკაზე დადებითი გავლენა აქვს.

ამჟამად ევროპარლამენტში ყველაზე დიდი მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფიც სწორედ ECR-ია, ჯორჯია მელონი კი ხელისუფლების გადაბარების შემდეგ სულ უფრო ასუსტებს ევროკავშირის მიმართ მის კრიტიკულ პოზიციას, რასაც იტალიისთვის მეტი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.

ევროკავშირის არაერთი ლიდერის აზრით, გაფართოების პარალელურად საჭიროა რეფორმები, რაც მათ შორის გულისხმობს კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. მეორე მხრივ, ამას ეწინააღმდეგებიან მემარჯვენე ნაციონალისტი და ისედაც ევროსკეპტიკოსი ძალები, რომელიც ამგვარ რეფორმას ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ეროვნული სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრად მიიჩნევენ. ამ ძალების მხარდაჭერა კი მზარდია.

ამასთან, მემარჯვენეთა მხარდაჭერის აქტიური ზრდა გასულ წლებში რიგ პოლიტიკურ პროცესებზე პოპულისტური კაპიტალიზების დამსახურება იყო. იქნებოდა ეს ომი უკრაინაში და ევროპის დახმარების კრიტიკა, მიგრანტების მიღება, ფერმერების პროტესტი ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ თუ სხვა. ხშირად ამგვარი პოპულიზმი სიტყვებად რჩება და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ არჩევნების შემდეგ რამდენად სუსტი გავლენა აქვთ გამარჯვებული კოალიციის მიღმა დარჩენილ ევროპარლამენტარებს, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციის დრამატული ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

არჩევნები ევროპაში და საქართველო

როგორც ჩანს, პოლიტიკური სახეების ნაწილი და ძალები, რომლებმაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღეს, კვლავ აღმასრულებელ კაბინეტებში რჩებიან. ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში მთავარი პრობლემა, შესაძლოა, თავად საქართველოში არსებული მდგომარეობა იყოს, სადაც ქართული ოცნების ანტიდასავლური გადაწყვეტილებები არათუ უბიძგებს ევროპელ ლიდერებს, რომ გამონახონ დრო მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ, პირიქით, სადამსჯელო ღონისძიებებზე იმუშაონ. თანაც იმ დროს, როცა ბლოკისთვის საქართველო პრიორიტეტი საერთოდ არ იქნება.

ხელისუფლების ქმედებები, იქნება ეს ანტიდემოკრატიული კანონების მიღება თუ ზოგადი ანტიდასავლური რიტორიკა, არჩევნებისთვის მზადებასთან და შედეგების მოლოდინთან ერთად, ისედაც გადატვირთულ პერიოდში მყოფ ევროკავშირს ჩვენი თაროზე შემოდების გადაწყვეტილებას უფრო გაუმარტივებს. შესაბამისად, სამომავლო წინსვლაც მეტწილად თავად საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და იმ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, როგორშიც შიდა პროცესების დასრულების შემდეგ დავხვდებით.

ევროკავშირის საბჭომ არჩევნების ცხელ პერიოდშიც კი შეძლო გადაწყვეტილების მიღება და უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიემხრო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გაფართოების პოლიტიკას შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ევროკავშირში მიმდინარე პროცესები ვერ აფერხებს.

ევროპარლამენტში კვლავ აირჩიეს დეპუტატები, რომლებიც ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები და აღიარებენ, რომ ქვეყანას ოლიგარქი მართავს. ამასთან, პარლამენტში ვეღარ მოხვდნენ რადიკალური დეპუტატები, რომელთა პოზიციებს ოცნების პროპაგანდა ხშირად მათ სასარგებლოდ იყენებდა. ერთი წლის წინ ქართული ოცნება ევროპელი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფიდანაც კი გარიცხეს.

შეიძლება ითქვას, რომ თავად ევროპარლამენტის არჩევნები და თანმდევი პროცესები საქართველოზე რაიმე დიდ გავლენას არ მოახდენს. მთავარი საკითხი კვლავ ქართული ოცნების მთავრობის პოლიტიკა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, არჩევნები იქნება.

კომენტარები