ვაგნერის ჯგუფი

WSJ: ვაგნერის ჯგუფის რესტრუქტურიზაციის ახალი სტრატეგია

ვაგნერელები და რუანდის უსაფრთხოების ძალები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის საარჩევნო შეხვედრისთვის რაიონს იცავენ. 2020 წლის 25 დეკემბერი.
Nacer Talel/Anadolu Images

ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ კითხვის ნიშნები გაჩნდა აფრიკის კონტინენტზე ვაგნერის ჯგუფის მომავლის და რუსეთის სამომავლო როლის შესახებ. WSJ-ის მიხედვით, პრიგოჟინის და ვაგნერის ჯგუფის ეფექტურად ჩანაცვლებისთვის აუცილებელია ისეთი სისტემის მოფიქრება, რომლებიც შეძლებენ რეგიონში ფინანსების და ძალის თავისუფლად მიმოცვლას და დასავლური სანქციები მათ ვერ შეეხება. 

WSJ-ის თქმით, პუტინის მიზანია უზრუნველყოს თავისი "კლიენტი სახელმწიფოების" სტაბილურობა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც ძირითადად არადემოკრატიული და დესპოტური რეჟიმებია. ამისათვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში, კონკრეტულად კი ლიბიაში, ბურკინა ფასოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში იმყოფებოდა. ევკუროვი სათავეში ჩაუდგა ახალ სამხედრო სტრუქტურას, რომელმაც გადაიბარა ვაგნერის ჯგუფის ოპერაციები აფრიკის კონტინენტზე. 

ლიბიაში ევკუროვი ხალიფა ჰაფთარს შეხვდა, რომელიც აღმოსავლეთ ლიბიას აკონტროლებს. რუსეთი ჰაფთარს სამხედრო კუთხით უკვე დიდი ხანია ეხმარება, სანაცვლოდ კი რუსეთი ლიბიას ლოგისტიკურ ჰაბად იყენებს. 

ასევე, ევკუროვი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შეხვდა პრეზიდენტ ფოსტინ ტუადერას, რომლის პირად დაცვაში ვაგნერის მებრძოლები არიან. 

ვაგნერის ჯგუფის გარდა აფრიკაში ასევე ოპერირებს კიდევ ორი რუსული კერძო სამხედრო კომპანია - რედუტი და კონვოი. რედუტის ლიდერი კონსტანტინ მირზაიანცია და მას ოლიგარგი ოლეგი ტიმჩენკო აფინანსებს. რაც შეეხება კონვოის, ის დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და მისი მეთაური კონსტანტინ პიკალოვია. პიკალოვი ვაგნერის ჯგუფის ვეტერანი მებრძოლია და მას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. კსკ კონვოის ასევე რუსი ოლიგარქი არკადი როტენბერგის აფინანსებს. აფრიკაში კერძო სამხედრო კომპანიების ვაგნერის ჯგუფს, რედუტსა და კონვოის შორის მებრძოლების როტაცია საკმაოდ აქტიურია. 

აფრიკაში რუსული პოზიციების სტაბილურობისთვის ასევე მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მაიორ გენერალი ანდრეი ავერიანოვი, რომელიც ხელმძღვანელობს ვაგნერის ჯგუფის და სხვა კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობის მონიტორინგს და კოორდინაციას. 

2023 წლის ოქტომბერში მალიში ევკუროვის, მირზაიანცის და ავერიანოვის ტრიო მალის მმართველ სამხედრო ხუნტას შეხვდა. ბოლო თვეების მანძილზე მალიში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ხელისუფლებისა და სამხედრო ხუნტის ძალებს შორის შეტაკებებმა მალიში სამოქალაქო ომი გამოიწვია და ჰუმანიტარული სიტუაციაც განსაკუთრებით გაუარესდა მას შემდეგ, რაც მალიდან გაეროს ჰუმანიტარული მისია გავიდა. 

WSJ-ის მიხედვით, რუსეთის ახალი სტრატეგია აფრიკაში ისეთი სტრუქტურის შექმნაა, სადაც ერთზე მეტი კერძო სამხედრო კომპანია იქნება ჩართული და ერთმანეთთან კოოპერაციით შეინარჩუნებენ რუსულ გავლენებს აფრიკის მოწყვლად რეგიონებში. 

კომენტარები