ვაგნერის ჯგუფი

რუსი სამხედროები ვაგნერელებს სირიაში აეროდრომზე დაჯდომაში ხელს უშლიდნენ – ვაგნერის არხი

ვაგნერელები სირიაში, საილუსტრაციო ფოტო

ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი წერს, რომ გასულ ღამეს სირიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებსა და კსკ ვაგნერის წევრებს შორის დაძაბული ვითარება იყო და მოვლენები კინაღამ ესკალაციამდე მივიდა.

GREY ZONE-ზე წერენ, რომ ვაგნერელებით დატვირთულ თვითმფრინავს სირიის ერთ-ერთ საჰაერო ბაზაზე რუსეთის არმიის ვერტმფრენები დაჯდომის უფლებას არ აძლევდნენ. გავრცელებულ ცნობაში ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კსკ ვაგნერს ხმეიმიმის აეროდრომის გამოყენების ლიცენზია ჩამოართვა, რუსმა მოქირავნეებმა შეთანხმებას მიაღწიეს სირიის თავდაცვის სამინისტროსთან, რომ საჰაერო ბაზა T4-ს გამოიყენებდნენ.

როგორც ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ცნობაში ირწმუნებიან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენები ვაგნერელების თვითმფრინავს აეროდრომზე დაჯდომის საშუალებას არ აძლევდნენ. მოქირავნეების მტკიცებით, ისინი ლიბიიდან მოფრინავდნენ.

"გუშინდელი ინციდენტის არსი ასეთია: მას შემდეგ, რაც ვაგნერს ხმეიმიმიდან ფრენა აუკრძალეს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნებართვა ანულირებულად გამოაცხადა, შევთანხმდით სირიის თავდაცვის სამინისტროსთან და გავაფორმეთ ფრენები აფრიკაში როტაციისთვის, სირიული ავიაბაზა T4-იდან. თვითმფრინავის მიახლოების დროს ცაში აფრინდნენ რუსული ვერტმფრენები, ხოლო ასაფრენ ბილიკზე სახანძრო მანქანები დააყენეს, რათა [თვითმფრინავი] არ დამჯდარიყო". – ირწმუნებიან ვაგნერთან დაკავშირებულ არხზე.

როგორც ვაგნერთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხზე წერენ, სირიელმა სამხედროებმა სცადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალების საწინააღმდეგოდ ემოქმედათ, თუმცა ვერტმფრენების აფრენის შემდეგ უკან დაიხიეს.

"სირიელებს უთხრეს, რომ თუ თვითმფრინავი დაჯდებოდა, მას ცეცხლს გაუხსნიდნენ. ამის მიუხედავად, სირიელი სამხედროები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ბრძანება - მიეღოთ თვითმფრინავი, გარკვეული დროის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქმედებებს ეწინააღმდეგებოდნენ, ასაფრენ ბილიკზე, თუმცა, როდესაც აფრენილი ვერტმფრენები დაინახეს, უკან დახევა ამჯობინეს". – ირწმუნებიან ვაგნერელები.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ არხი ირწმუნება, რომ ლიბიაში მყოფი ვაგნერელები სირიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დარტყმას აპირებდნენ, თუ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა.

"რადგან წრეზე მფრინავ თვითმფრინავს (სატვირთო თვითმფრინავი ლიბიიდან) საწვავი უთავდებოდა, საკითხი კატეგორიული გახდა, რადგან ლიბიამდე შეიძლება ვერ მიეღწია. ვაგნერის ადგილზე, სადაც შეხვედრისთვის ემზადებოდნენ, დაუკავშირდნენ ლიბიას და, გავრცელებული ხმების თანახმად, უთხრეს, რომ თუ თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ, ლიბიაში მყოფი ვაგნერელები [რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს დაარტყამდნენ". – ირწმუნებიან GREY ZONE-ზე.

ვაგნერელბთან დაკავშირებული წყარო ირწმუნება, რომ სირიაში მყოფი მოქირავნეების მეთაურობა დაუკავშირდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, იუნუს-ბეკ ევკუროვს, ადამიანს, რომელიც ევგენი პრიგოჟინმა აჯანყების დღეს, 24 ივნისს კამერის წინ დაამცირა შენობით მიმართვის გამო მაშინ, როცა მის ძალებს როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის შენობა ჰქონდათ დაკავებული.

"თუმცა ბოლო წამს სირიელი ვაგნერელების მეთაურებმა ევკუროვს დაურეკეს და ბრძანება გაუქმდა, თვითმფრინავი დაეშვა. ყველაზე სასაცილო ის არის (საერთოდ ამაში რამე თუ შეიძლება სასაცილო იყოს), არის ის, რომ ეკიპაჟზე 170 სირიელი იყო, ვაგნერის კონტრაქტორები, რომლებიც ლიბიაში კონტრაქტის გავლის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ". – ნათქვამია GREY ZONE-ის ცნობაში.

აღსანიშანივა, რომ დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 24 იანვრის აჯანყების შემდეგ, აფრიკასა და სირიაში ვაგნერის ჩანაცვლებაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სწორედ ევკუროვი მუშაობდა.

"მეტი ოქრო მინდა" – WSJ პრიგოჟინის უკანასკნელ დღეებს აჯამებს

კომენტარები