ვაგნერის ჯგუფი

სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში

ვაგნერის ჯგუფი

სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში

მას შემდეგ, რაც სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებები დაიწყო, გაჩნდა კითხვები, ჩართული იყო თუ არა რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი, რომელიც აფრიკის რამდენიმე სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ვაგნერი და პრიგოჟინი სუდანში

ვაგნერის ჯგუფმა სუდანში აქტიურობა და მოქმედება 2017-2019 წლებში დაიწყო, როდესაც ქვეყანას ყოფილი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი ხელმძღვანელობდა. ალ-ბაშირს ძალაუფლების დატოვება 2019 წლის ფართომასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მოუწია.

აქამდე, 2017 წელს, ალ-ბაშირი, რომელიც გრძნობდა, რომ ძალაუფლება ხელიდან ეცლებოდა, რუსეთში ჩავიდა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრისას მან სუდანი რუსეთს "აფრიკის კარიბჭედ" შესთავაზა, მოსკოვის დახმარების სანაცვლოდ. მცირე ხნის შემდეგ, სუდანში გამოჩნდა წიაღისეულის კომპანია Meroe Gold-ი, რომელიც რუსულ M Invest-ს ეკუთვნოდა. კომპანიამ სუდანში, აფრიკის სიდიდით მესამე ოქროს მწარმოებელ ქვეყანაში ექსპერტები ჩამოიყვანა. M Invest-ს სავარაუდოდ რუსი ოლიგარქი და ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებდა. თავად Meroe Gold-ს ოფიციალურად ხელმძღვანელობდა მიხაილ პოტეპკინი.

2020 წელს აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ M Invest-ი და Meroe Gold-ი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, რადგან გამოძიებების მიხედვით, M Invest-ის უკან ვაგნერის ჯგუფი იდგა.

Al Jazeera-სთან წიგნის, "რუსეთი აფრიკაში", ავტორმა, სემუელ რამადიმ თქვა, რომ ვაგნერის "მთავარი მიზანი მინერალური რესურსების, კერძოდ ოქროს საბადოების დაცვა და ალ-ბაშირის მთავრობის ძალებისთვის დახმარების გაწევა, მისი საერთაშორისო ოპოზიციისგან დაცვა იყო".

ვაგნერისა და სუდანის ავტოკრატი ლიდერის ურთიერთობა მხოლოდ ოქროს კონტრაბანდით არ შემოიფარგლებოდა. 2018 წელს ვაგნერის ჯგუფი ალ-ბაშირის რეჟიმთან თანამშრომლობდა და საპროტესტო აქციების ჩახშობაში ეხმარებოდა. ვაგნერის მრჩევლები მას მოუწოდებდნენ, რომ პროპაგანდისთვის სოციალურ ქსელებში კამპანია წამოეწყოთ, რათა საპროტესტო აქციებისთვის მხარდაჭერა გამოეცალათ. ამას გარდა, ჯერ კიდევ 2017 წელს სავარაუდოდ სუდანიდან ვრცელდებოდა კადრები, რომლებშიც ასახული იყო რუსულენოვანი სამხედროების მიერ ადგილობრივი ჯარისკაცების წვრთნები.

ვლადიმირ პუტინი და ომარ ალ-ბაშირი
კრემლი

რამადის თქმით, 2019 წელს, როდესაც ალ-ბაშირის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, ვაგნერის ჯგუფი "უბრალო დაცვიდან დემონსტრანტების რეპრესიაში უშუალოდ ჩართულ მოთამაშედ იქცა". მას შემდეგ, რაც ალ-ბაშირმა მმართველობა დატოვა, რამადის თქმით, ვაგნერის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა არმიის მეთაურთან, აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანთან დაახლოება სცადა, თუმცა ურთიერთობა გაუარესდა 2019 წლის ხართუმის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, როცა სუდანის უსაფრთხოების სამსახურებმა, მათ შორის სწრაფი რეაგირების ძალებმა, მჯდომარე პროტესტის მონაწილეები დაუნდობლად, ცეცხლის გახსნით დაშალეს. ამის შემდეგ, ვაგნერი ძირითადად კვლავ საბადოების დაცვაზე ორიენტირებული გახდა.

ალ-ბაშირის რეჟიმისა და ვაგნერის ჯგუფის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა პროექტი OCCRP-ს (ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტი) გამოძიებაში.

სუდანური ოქროს ციებ-ცხელება

Meroe Gold-ის სუდანში გამოჩენიდან მცირე ხნის შემდეგ, ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ 5-წლიანი შეთანხმება გააფორმა ქალაქ ხართუმში დაფუძნებულ უსაფრთხოების კომპანიასთან, Aswar Multi Activities-თან, რომელსაც კავშირი ჰქონდა სამხედროებთან. შეთანხმებით, კომპანია დიდი რაოდენობით ფულს იღებდა, სანაცვლოდ M Invest-ი ქვეყანაში საკუთარ თანამშრომლებს ჩამოიყვანდა, სუდანურ კომპანიას კი მათი უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო. OCCRP საკუთარ გამოძიებაში მოპოვებული დოკუმენტებისა და კონტრაქტების საფუძველზე აღნიშნავდა, რომ, სავარაუდოდ, Aswar-ს სუდანის სამხედრო დაზვერვა აკონტროლებდა. კომპანიის გენერალური დირექტორი სუდანის არმიის ბრიგადის გენერალი, მუჰამედ კურეიში მუჰამედ ალ-ამინი იყო.

Aswar-ი M Invest-ისა და Meroe-ს თანამშრომლების დაცვის, იმიგრაციის პროცესში დახმარებისა და საიმპორტო სამსახურის გაწევის სანაცვლოდ ყოველთვიურად $100 000-ს და დამატებით $200 000-ს კი – "კეთილი ნების გადასახადის" სახით იღებდა, რაც OCCRP-ს მიერ მოპოვებულ კონტრაქტში ეწერა. ამასთან ერთად, M Invest-ი სუდანურ კომპანიას გადაუხდიდა გადასახადებს, რომლებიც მთავრობის წინაშე ეკისრებოდათ და თანამშრომლების ხელფასებს აუნაზღაურებდა. ამ ყველაფრის გარდა, ყოველ პერსონალზე, რომლის სუდანში ჩამოყვანაშიც დაეხმარებოდნენ, Aswar-ი $500-ს მიიღებდა.

Aswar-ს თავის მხრივ ევალებოდა "სუდანის თავდაცვის სამინისტროსგან ორივე მხარისთვის საჭირო შეიარაღებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა". შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი მიუთითებდა, რომ Aswar-ი უზრუნველყოფდა ჯავშანტრანსპორტიორების, დიდი კალიბრის იარაღების, დრონებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებას, თუმცა არ იყო დაზუსტებული რაოდენობა. არც ის, თუ ვისგან მიიღებდნენ მათ. შეიარაღებას სუდანური კომპანია შეინახავდა და გადაიტანდა პორტებსა და აეროპორტებში. ამას გარდა, OCCRP-ს გამოძიებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტების მიხედვით, Aswar-ი მუშაობდა ადგილობრივ ავიაკომპანიასთან - Al-Riyadah-სთან, რომელსაც კონტრაქტი Meroe Gold-თან ჰქონდა გაფორმებული. ავიაკომპანიას უნდა უზრუნველეყო ტრანსპორტირება სუდანის დედაქალაქ ხართუმსა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკას შორის. რამდენიმე ფრენა სუდანის სამხედრო სტრუქტურაში დარეგისტრირებული რუსული ანტონოვ AN-26-ის ტიპის თვითმფრინავებითაც შესრულდა.

ამას გარდა, გამოძიების მიერ მოპოვებული 2018 წლით დათარიღებული წერილიდან, რომელსაც პოტეპკინი სუდანის სადაზვერვო სამმართველოს უგზავნიდა, ირკვევა, რომ Aswar-ის წყალობით, Meroe Gold-ის მიერ დაქირავებული თვითმფრინავები სამხედრო სასიგნალო კოდებით დაფრინავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ფრენები კომერციული რეისების აღრიცხვის სისტემებში ვერ მოხვდებოდა. ის, რომ Meroe Gold-ი ხართუმში სამხედრო ბაზაზე დაჯდომის უფლებას მიიღებდა, ამავე დოკუმენტების მიხედვით, Aswar-სა და სუდანის საჰაერო ძალებს შორის შეთანხმდა.

სუდანი, "რუსულ კომპანიად" ცნობილი ოქროს გადამამუშავებელი დაწესებულების მიმდებარედ აღმართული საბჭოთა კავშირის დროშა.
CNN

ალ-ბაშირის რეჟიმის მიერ რუსული კომპანიების მფარველობა აქ არ სრულდებოდა. OCCRP-ს გამოძიებაში კიდევ სხვა დეტალებზეცაა საუბარი. სუდანში უცხოური ბიზნესები, რომლებსაც წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გააჩნიათ, ვალდებულები არიან შექმნან საწარმო კომპანია, რათა აღმოჩენილი რესურსების ექსპლუატაციის უფლება ჰქონდეთ. ადგილობრივი კანონის მიხედვით, ასეთი კომპანიის 30%-ის მფლობელი უნდა იყოს სუდანის წიაღისეულის სამინისტრო. თუმცა, 2018 წლის აგვისტოში ალ-ბაშირის ოფისმა Meroe Gold-ის მიმართ ფავორიტიზმი გამოიჩინა და სამინისტროს უბრძანა, მომავალი სამუშაოების დროს საკუთარი წილი რუსული კომპანიისთვის დაეთმოთ. ამ შემთხვევიდან 2 თვეც არ იყო გასული, როცა პრეზიდენტმა წიაღისეულის სამინისტროს მორიგი მითითებები მისცა და Meroe Gold-ს გადაეცა წიაღისეულის მოპოვებისა და ოქროს ნარჩენების დამუშავების დამატებითი ლიცენზიები სამ რეგიონში. სამინისტროს 30% კვლავ უნდა დაეთმო. ამას გარდა, კომპანიას მიეცა უფლება, შეესწავლა ტერიტორია, სადაც შესაძლოა ოქროს აღმოუჩენელი მარაგები ყოფილიყო.

OCCRP-ს გამოძიების მიხედვით, სუდანის წიაღისეულის სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტი სულ მცირე ერთხელ მაინც დაინტერესდა წილის დათმობაზე. ორგანო ხაზს უსვამდა, რომ შეუძლებელი იყო წილის დათმობა, რადგან არც სამეწარმეო კომპანია არსებობდა და არც ლიცენზია იყო გაცემული. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ერთი თვის შემდეგ სამინისტრომ წილის ბრძანების დათმობა მიიღო და 2018 წლის დეკემბერში ასეც მოიქცნენ. ოფიციალური დოკუმენტები აღწერდა იმასაც, თუ როგორ მიიღებდა რუსული კომპანია სამინისტროს კუთვნილ 30%-იან წილს. ის ჯერ გადაეცემოდა სუდანის სამხედროების მფლობელობაში მყოფ კომპანიას, Sudan Mineral Trading-ს (SMT), ეს უკანასკნელი კი Meroe Gold-ს გადასცემდა. თუმცა, პარტნიორობის მიუხედავად, როგორც ჩანს, SMT-სა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობა სრული წარმატებით ვერ შედგა, რადგან ალ-ბაშირის გადაგდების შემდეგ წილის მიღების პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ახლაც უცნობია, გადასცა თუ არა SMT-მ 30% Meroe Gold-ს.

სუდანელი მაღაროელი ნილოსის შტატში.
​Abdulmonam Eassa for The New York Times

2020 წლისთვის Meroe Gold-ზე ზეწოლა გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის აშშ-ს სანქციების სამიზნე გახდა. OCCRP-ს მიხედვით, ამ გამოწვევის წინაშე, Meroe-მ საკუთარი წიაღისეულის ნარჩენების დამუშავების ობიექტი ახალ კომპანიას, Al-Sawlaj-ს (სხვა მედიები Meroe-ს ჩამნაცვლებელ სუდანში გაფორმებულ კომპანიას მოიხსენიებენ როგორც  Al-Solag-ს) გადასცა, რომელსაც არანაირი აქტივები არ ჰქონდა, თანამშრომელი კი იყო ერთადერთი პირი და მეწილე, რომელიც Meroe Gold-ის ყოფილი მენეჯერი იყო.

2022 წლის ივლისში CNN-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც სუდანელ მაღალჩინოსნებსა და ფრენების მონაცემებს ეყრდნობოდნენ და წერდნენ, რომ სამხედრო თვითმფრინავმა კონტრაბანდული ოქრო სუდანიდან სირიაში, ქალაქ ლატაკიაში, სულ მცირე, 16-ჯერ ჩაიტანა. ლატაკია საპორტო ქალაქია, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს. ნათქვამი იყო, რომ ეს ოქრო უკრაინაში მიმდინარე ომის დასაფინანსებლად სჭირდებოდათ. ამ ცნობის შემდეგ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა Meroe Gold-ს. "სუდანის არმიასთან მიკუთვნილების მეშვეობით, ვაგნერის ჯგუფმა უზრუნველყო სუდანური ოქროს მოპოვებისა და რუსეთში ექსპორტის ნებართვა", – ნათქვამი იყო ევროპული საბჭოს განცხადებაში.

CNN-ი საკუთარ გამოძიებაში ეყრდნობოდა რუსეთიდან გაქცეული ოპოზიციონერისა და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდოროვსკის Dossier Center-ის საგამოძიებო ორგანიზაციის ინფორმაციას, რომ სუდანში ოქროს ბიზნესში ჩართულია ვაგნერის, სულ მცირე, ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი – ალექსანდრ სერგეევიჩ კუზნეცოვი. გამოძიების მიხედვით, ის ზედამხედველობდა ოქროს მოპოვებას აფრიკული ქვეყნის მთავარ მაღაროში, ასევე ძვირფასი ლითონის დამუშავებასა და მის გადასატან გზებს. კუზნეცოვი ცნობილია ზედმეტსახელი რატიბორით, ან რადიმირით და ერთ დროს ის ბავშვის გატაცებისთვის იყო დაკავებული, როგორც ამას CNN-ი წერს. ამავე ინფორმაციით, ის 2014 წელს უკრაინაში ვაგნერის პირველ დანაყოფს მეთაურობდა.

მნიშვნელოვანი ლოკაციები
CNN

ამ გამოძიების მიხედვით, ოქროს გადაზიდვის გზები უკავშირდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასაც, სადაც ვაგნერი ოქროს მოპოვებაში ასევე აქტიურად არის ჩართული და პოლიტიკურ დონეზე უფრო ცხადადაც ჩანან.

CNN-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, სუდანი რუსეთისთვის ოქროს შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. მათ მიერ მოპოვებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სუდანური ოქროს 85% აღრიცხვის გარეშე იყიდება და რუსეთი კი აფრიკის ამ ქვეყანაში ძვირფასი ლითონის ბაზარზე დომინანტია. 2011 წლიდან მოყოლებული სუდანის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა ქვეყნიდან რუსეთში ოქროს ექსპორტს მუდამ ნულად აფასებს, არსებული სამხილების მიუხედავად. CNN-ი საკუთარ გამოძიებაში წერდა, რომ მათ ინფორმატორმა სუდანის ცენტრალური ბანკიდან აჩვენა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის ფოტო, რომელშიც აღრიცხული არ იყო 32.7 ტონა ოქრო. ეს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონია. CNN-თან ყოფილი და მოქმედი სუდანელი მაღალჩინოსნები ანონიმურად ამბობდნენ, რომ გამქრალი ოქროს რაოდენობა კიდევ უფრო დიდია. გამოძიების მიხედვით, 2022 წლისთვის ამ პროცესში ჩართული იყო სწორედ კომპანია Al-Solag-ი, რომელსაც ადგილობრივები "რუსულ კომპანიას" უწოდებენ და ისიც ცნობილია, რომ მისი ხელმძღვანელი რუსია.

რუსული პორტი წითელ ზღვაში

თუმცა, რუსეთს სუდანში ოქროს საბადოებზე უფრო დიდი გეგმებიც აქვს. მოსკოვი აქ, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე სუდანის პორტის გარშემო სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს. სანაცვლოდ რუსეთი სუდანს შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის. 

საზღვაო სამხედრო ბაზაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს, პუტინსა და ალ-ბაშირს შორის დაიწყო, თუმცა 2019 წლის გადატრიალებამ კრემლი უკან დახია. შეთანხმება საჯაროდ ცნობილი 2020 წელს გახდა და როგორც ჩანს რუსეთმა მას ხელი ცალმხრივად მოაწერა. მოსკოვის მიერ გამოქვეყნებული შეთანხმების მიხედვით, მათ მიეცემა უფლება პორტში განათავსონ სამხედრო ფლოტის ოთხი გემი, მათ შორის ბირთვული ძრავის მქონე ხომალდები, ასევე 300-მდე სამხედრო. შეთანხმება, ძალაში შესვლის შემდეგ, 25-წლიანი იქნება და თუ არცერთი მხარე არ გამოთქვამს შეჩერების სურვილს, ის 10 წლით გახანგრძლივდება.

თუმცა, 2021 წელს სუდანში მორიგი გადატრიალება მოხდა, რამაც რუსეთის გეგმა კვლავ შეანელა. როგორც Associated Press-ი 2023 წლის 11 თებერვალს სუდანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, სუდანის მმართველმა სამხედროებმა, რომლებსაც ახლა მოწინააღმდეგეები გამოუჩნდათ, რუსეთთან სამხედრო ბაზის მშენებლობის შეთანხმების განხილვა დაასრულეს. მათი თქმით, ელოდნენ სამოქალაქო მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს შექმნას, რათა, ძალაში შესვლამდე, შეთანხმების რატიფიცირება შესძლებოდათ. სუდანში ამჟამინდელი შეტაკებები ამ პროცესს კიდევ უფრო შეანელებს.

რუსული სამხედრო ხომალდი სუდანის პორტში, 2021 წელი. 
Associated Press

ვაგნერის ჯგუფი სუდანში კრემლის ამ მისწრაფებასაც უჭერს მხარს. 2021 წელს ევგენი პრიგოჟინმა სუდანის ღარიბი მოსახლეობისთვის 198 ტონა საკვები გაგზავნა, რამადანის თვეში. "საჩუქარი ევგენი პრიგოჟინისგან" – ეწერა ბრინჯის, შაქრისა და სხვა პროდუქტების შეფუთვებს. გაგზავნა Meroe Gold-ის შუამავლობით მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქი ამ კომპანიასთან კავშირს უარყოფდა. გზავნილში შედიოდა 28 ტონა ორცხობილებიც, თუმცა, ამ პროდუქტების გამოგზავნას თან ახლდა დაჟინება, რომელიც პოლიტიკურ სიგნალსაც ატარებდა – პრიგოჟინს სურდა, რომ ამ საკვების 10 ტონა ქვეყნის აღმოსავლეთში, სწორედ სუდანის პორტიდან შეეტანათ, ვიდრე იმ რეგიონებში, სადაც პროდუქტები უფრო მეტად საჭირო იყო.

The Times-თან პრიგოჟინი Meroe Gold-თან კავშირს უარყოფდა, მაგრამ მან აღნიშნა, როგორ გაიგო, რომ ამ კომპანიას ლიკვიდაცია ელოდა. მან დაადასტურა, რომ საქველმოქმედო გზავნილი მის მიერ გაგზავნილი იყო და ყველაფერი დამცინავად ახსნა. მისი თქმით, პროდუქტები გაგზავნა იმ სუდანელი ქალის თხოვნით, რომელთანაც "მეგობრული, ამხანაგური, სამუშაო და სექსუალური ურთიერთობა" ჰქონდა.

ვაგნერისა და RSF-ის კავშირი

როგორც CNN გასულ წელს წერდა, სუდანში რუსეთის მთავარი ბენეფიციარი არის მუჰამედ ჰამდან დაგლო, ცნობილი, როგორც ჰემედტი. სწორედ ისაა ამჟამინდელი შეტაკებების ერთ-ერთი მთავარი აქტორი და სუდანის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირებული გასამხედროებული ორგანიზაციის – სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) მეთაური. მოსკოვისგან შეიარაღებასა და წვრთნებს სუდანში ყველაზე მეტად სწორედ მისი ძალები იღებდნენ, სავარაუდოდ, ვაგნერის მეშვეობით.

გარკვეული ხნის წინ ვაგნერის ჯგუფსა და RSF-ს შორის შეთანხმება შედგა, რაც აშშ-ში შეშფოთებებს იწვევს. კერძოდ, ევროპელი უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების თქმით, გასული წლის დეკემბერში გენერალმა დაგლომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან და ვაგნერთან არაფორმალური შეთანხმება გააფორმა, რაც მიზნად ისახავდა ძვირფასი წიაღისეულისთვის დერეფნის შექმნას. აფრიკის კონტინენტზე ვაგნერს განსაკუთრებული გავლენები სწორედ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აქვს. როგორც The Wall Street Journal-ი დასავლელ უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, ვაშინგტონმა ეგვიპტე წაახალისა, რომ მათი შუამავლობით სუდანის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი აბდულ ფათაჰ ალ-ბურჰანი ქვეყნიდან ვაგნერის ჯგუფის გავლენების მოშორებაზე დაეყოლიებინათ. ჰემედტის RSF ახლა სწორედ ალ-ბურჰანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძვიან. 

ამას გარდა, როგორც WSJ წერდა, გენერალი დაგლოს ძალები ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ კონტროლირებად Meroe Gold-ის მაღაროების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

ავტორი სემუელ რამადი Al Jazeera-სთან ამბობს, რომ ვაგნერისა და RSF-ის "მთავარი მიზანია კონტრაბანდული გზის შექმნა სუდანიდან დუბაიმდე, შემდეგ რუსეთამდე, რათა ვაგნერის ჯგუფმა უკრაინაში საკუთარი მოქმედებები დააფინანსოს".

აღსანიშნავია, რომ სწორედ უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეს გენერალი დაგალო მოსკოვში ჩავიდა, შესაძლოა, ვაგნერის შუამავლობით. მან ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებას წინასწარ, საჯაროდ დაუჭირა მხარი და თქვა, რომ რუსეთს "საკუთარი ხალხის დაცვის უფლება" ჰქონდა.

სერგეი ლავროვი და მუჰამედ ჰამდან დაგლო ხართუმში, 2023 წლის თებერვალი.
AFP

ევგენი პრიგოჟინისა და RSF-ის ლიდერის კავშირები სიახლე არაა. მაგალითად, დაახლოებით 2019 წლის საპროტესტო აქციების პერიოდში, როცა ხართუმის ხოცვა-ჟლეტა RSF-ს მონაწილეობით მოხდა, სავარაუდოდ პრიგოჟინის მფლობელობაში მყოფმა კომპანია Meroe Gold-მა ჰემედტის ოჯახს დიდი რაოდენობით ხელკეტები და პოლიციის აქციებზე დამცავი აღჭურვილობა გადასცა. ტვირთის საერთო წონა, არსებული ინფორმაციით, 13 ტონას შეადგენდა. ხართუმის ხოცვა-ჟლეტა 2019 წლის 3 ივნისს მოხდა, დახმარების მიწოდება კი 5 ივნისს.

ამას გარდა, როგორც Новая газета წერდა, 2019 წელს ალ-ბაშირის გადაგდებიდან ერთ კვირაში რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ხართუმში ჩაფრინდნენ კერძო თვითმფრინავით, რომელიც პრიგოჟინთან დაკავშირებული კომპანიის მფლობელობაში იყო დარეგისტრირებული. უცნობია რეისზე იმყოფებოდა თუ არა თავად ოლიგარქი. მცირე ხნის შემდეგ ამავე თვითმფრინავით მოსკოვში ჩავიდნენ სუდანელი მაღალჩინოსნები, მათ შორის ჰემედტის ძმა.

მოქმედებს ვაგნერი ამჟამინდელ დაძაბულობაში?

თავად ხართუმში მიმდინარე შეტაკებები ვერც რუსეთის და ვერც ვაგნერის ჯგუფის წახალისებული ვერ იქნება. ეს დაძაბულობა ძირითადად სუდანის შიდაპოლიტიკური დაპირისპირების შედეგია. თუმცა, ნელ-ნელა ვრცელდება ცნობები, რომ ვაგნერის ჯგუფი კონფლიქტში ნაწილობრივ ჩართული ხდება, გენერალი დაგლოს მხარეს.

21 აპრილს The Wall Street Journal-მა აშშ-ს მაღალჩინოსნებსა და გენერალ დაგლოსთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ ვაგნერის ჯგუფმა RSF-ს მძიმე შეიარაღებით დახმარება შესთავაზა. იარაღებს შორის იყო მობილური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც, რომლებიც ვაგნერის ძალებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჰქონდათ. თუმცა, WSJ-სთან გენერალ მუჰამედ ჰამდან დაგლოსთან დაახლოებულმა პირმა თქვა, რომ მათ დახმარებაზე უარი თქვეს, რადგან აშშ-ს მთავრობის ნეგატიური განწყობის თავიდან აცილება სურთ. გამოცემასთან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა სადაზვერვო და დიპლომატიურ კონტაქტებზე დაყრდნობით თქვეს, რომ გენერალი დაგლო შეთავაზებას "აქტიურად განიხილავს".

სუდანელები სუდანის პორტში გენერალუ აბდულ ფათაჰ ალ-ბურჰანის ერთგულ შეიარაღებულ ძალებს ეგებებიან.
AFP

პრიგოჟინმა ცნობა სპეციალურ განცხადებაში უარყო. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვაგნერის წარმომადგენლები სუდანში 2 წელზე მეტია რაც არ ყოფილან. ასევე, ამავე განცხადებით მან დაადასტურა, რომ მისი კერძო სამხედრო კომპანია სუდანის არმიას წვრთნიდა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი 2019 წელს დასრულდა. მისი მტკიცებით, ვაგნერს შეიარაღება არცერთი მხარისთვის არ შეუთავაზებია და არ შესთავაზებს. თუმცა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი. განცხადების მიხედვით, პრიგოჟინმა დაპირისპირებულებს, ალ-ბურჰანსა და მუჰამედ დაგლოს მოლაპარაკებებისთვის შუამავლობა შესთავაზა. რუსი ოლიგარქის მხრიდან ამისი აღიარება უკვე მიუთითებს იმას, რომ ის ნელ-ნელა კონფლიქტში გარკვეულწილად ჩაერთვება.

ამას გარდა, გასულ დღეებში გავრცელდა სხვა მნიშვნელოვანი ცნობებიც, რომ ვაგნერთან დაახლოებულმა ლიბიელმა გენერალმა, ხალიფა ჰაფტარმა RSF-ს დახმარება გაუწია. ამას გარდა, გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობებიც, რომ გენერალმა ჰემედტიმ ვაგნერს დახმარება სთხოვა. თუმცა, ამ უკანასკნელთან WSJ-ს გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ წინააღმდეგობაში მოდის, რადგან, პირიქით, დახმარების შეთავაზება ჰემედტიმ ვაგნერისგან მიიღო და მას არ უთხოვია.

ერთი შეხედვით, ვაგნერი სუდანში ამჟამად აქტიური მოქმედებისგან თავს იკავებს. ამას თავისი ახსნაც აქვს. ეს ჯგუფი ახლა აქტიურად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში, კერძოდ ქალაქი ბახმუტის ცხელ ზონაში. თუმცა ეს არ უნდა იძლეოდეს სუდანის არეულობაში მათი ხისტად ჩარევის გამორიცხვის საფუძველს. დრო ჯერ კიდევ წინაა. როგორც ჩანს, პრიგოჟინი RSF-თან უფრო ახლოს უნდა იყოს, თუმცა მათთან წარსული პარტნიორობა სუფთად კომერციულ და მერკანტილურ გათვლებს ეყრდნობოდა და არა რაიმე არამატერიალურ მისწრაფებებს თუ საერთო იდეოლოგიას. სუდანში ვაგნერის მოქმედების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისინი მხარეებს მარტივად იცვლიან, მანამ, სანამ ახალი მოთამაშისგანაც იმავეს იღებენ, რასაც წინამორბედისგან.

კომენტარები