ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

CNN: ჰეზბოლასთან ომის დაწყების შემთხვევაში, აშშ-მ ისრაელს უსაფრთხოების გარანტიები მისცა

იერუსალიმი
Abir Sultan/European Pressphoto Agency

გამოცემა CNN-ი, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ ისრაელს უსაფრთხოების გარანტიები მისცა იმ შემთხვევაში, თუკი ჰეზბოლასთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება.

CNN-ის ცნობით, აღნიშნული დაპირება ამერიკულმა მხარემ მაშინ გასცა, როდესაც წინა კვირას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცახი ჰანეგბი, სტრატეგიული ურთიერთობების მინისტრი რონ დერმერი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

მაღალჩინოსნებმა CNN-თან საუბრისას განაცხადეს, რომ ჰეზბოლასთან ომის დაწყების შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს უსაფრთხოების მხრივ დახმარებას გაუწევს. თუმცა, მათ ასევე დაამატეს, რომ ამ შემთხვევაში აშშ ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზავნის.

16 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ლიბანში მოქმედი ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის მიმართულებით გახშირებულმა თავდასხმებმა შესაძლოა სერიოზული ესკალაცია გამოიწვიოს.


12 ივნისს ჰეზბოლამ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს თავდასხმა ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო ისრაელის ჩრდილოეთის ფრონტზე. მომდევნო დღეს ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით დამატებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა, რომელთა უმეტესობაც ისრაელმა წარმატებით გაანეიტრალა.

მანამდე, 11 ივნისს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰერმელის ოლქზე მიიტანეს იერიში, რასაც ჰეზბოლას წევრების, მათ შორის ერთ-ერთი მეთაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰერმელის ოლქი ლიბან-ისრაელის საზღვრიდან 130 კილომეტრში მდებარეობს და ეს ამ დრომდე ლიბანის ტერიტორიაზე ყველაზე შორს განხორციელებული შეტევაა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას 12 ივნისის თავდასხმა სწორედ ისრაელის იერიშზე საპასუხო შეტევა იყო.

კომენტარები