იგორ გორგანი, მოლდოვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. მოლდოვის პროკურატურა გორგანისთვის ბრალის წარდგენას განიხილავს.
Radio Free Europe-ის ინფორმაციით, ბრალის წარდგენამდე მოლდოვის პროკურორები სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან, რომლის მიხედვითაც პროკურორები გადაწყვეტენ აღძრან თუ არა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლის, სახელმწიფო ღალატის საფუძველზე.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, გორგანი გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან ჯერ კიდევ 2021 წელს გაათავისუფლა. გორგანი საბჭოთა ეპოქის სამხედრო სკოლის კურსდამთავრებულია. 2006 და 2015 წლებში მას ორი უმაღლესი სახელმწიფო ორდენი მიენიჭა.
პრეზიდენტ მაია სანდუს ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ადრიან ბალუტალის თქმით, იგორ გორგანს ჩამოერთმევა გენერლის წოდება და ყველა სახელმწიფო ორდენი. ბალუტალის განცხადება რუსულ საგამოძიებო ჟურნალ The insider-ში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, გორგანი 2022 წლიდან რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმატორი იყო.
"სრულიად ნათელია, რომ გორგანი მოღალატეა,მან რუსეთის სპეცსამსახურებს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა. რუსეთი იყენებს მოღალატეებს მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის". - თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ანატოლი სალარუმ, მოლდოვის ტელევიზიებთან ინტერვიუში.





