მოლდოვა

The Insider: მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსი ГРУ-ს ინფორმატორი იყო

იგორ გორგანი (მარცხნივ)
NATO

The Insider-ის გამოძიების მიხედვით, მოლდოვის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი იგორ გორგანი მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ინფორმატორი. გამოძიება ეყრდნობა გორგანის ტელეგრამ-მიმოწერას ГРУ-ში მის კურატორთან, პოლკოვნიკ ალექსეი მაკაროვთან. მიმოწერა The Insider-მა მოლდოვურ გამოცემა "პატარა ქვეყანასთან" ერთად მოიპოვა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, გორგანი რუსული დაზვერვის ოფიცრებს რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაციას რეგულარულად აწვდიდა და ასევე უყვებოდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტებზე, რომლებმაც მოლდოვაში სამხედრო ტექნიკა და ჭურვები შეიძინეს.

სამხედრო დაზვერვაში The Insider-ის წყარო ვარაუდობს, რომ გორგანი ჯერ კიდევ 2004 წელს გადაიბირეს, როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოსა და ერაყში NATO-ს საერთაშორისო მისიებში მსახურობდა. შემდეგ ის სადაზვერვო კავშირში იყო კიშინიოვში რუსეთის სამხედრო ატაშე ვადიმ უხნალევთან. მოგვიანებით კი მისი კურატორი გახდა შემდეგი სამხედრო ატაშე, იგორ დოვბნია, რომელიც 2017 წელს მოლდოვიდან ჯაშუშური საქმიანობის გამო გააძევეს.

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლიდან გორგანი კავშირშია პოლკოვნიკ ალექსეი მაკაროვთან, რომელიც ასევე მსახურობდა კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშატში. მოლდოველმა ჟურნალისტებმა გორგანი რამდენჯერმე შენიშნეს კიშინიოვში რუსეთის საელჩოში და ასევე ერთხელ მაკაროვთან კონფიდენციალური შეხვედრის დროს.

The Insider-ის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, გორგანსა და მაკაროვს შორის მიმოწერა გააქტიურდა. კერძოდ, მოლდოვის გენშტაბის ყოფილმა უფროსმა კურატორს აცნობა, რომ Укроборонэкспорт-ი ცდილობდა მოლდოვისგან ექვსი MiG-29 თვითმფრინავი შეეძინა და რომ "უკრაინელები უკვე სამი კვირაა დადიან ჩვენს თავდაცვის სამინისტროში და ითხოვენ ყველაფერს, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებს".

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გორგანი მაკაროვისგან გამუდმებით მოითხოვდა მოლდოვაში რუსული ძალების შესვლას.

"სასწრაფოდ უნდა გავწმინდოთ ქვეყანა ფაშისტური სიბინძურისგან!!! ბევრი მზადაა. გადაეცი... დრო მოვიდა. ჯარში მთელ ვითარებას ვაკონტროლებ... აქ, საბედნიეროდ, არც "აზოვი" და არც სხვა ნაციონალისტური ფორმირებები არ არის და პოლიტიკოსებს სწრაფად გავუმკლავდებით". - ციტირებენ ჟურნალისტები გორგანის ერთ-ერთ მესიჯს, რომელიც მან თავის კურატორს გაუგზავნა.

როგორც The Insider-ი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გორგანი მოლდოვის თავდაცვის სამინისტროდან ჯერ კიდევ 2021 წელს გაათავისუფლეს, უწყებაში მას ჯერ კიდევ ჰყავს მრავალი თანამოაზრე, რომლებიც მას საიდუმლო ინფორმაციას აწვდიან.

2023 წლის ივლისში, მოლდოვიდან რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებამდე ცოტა ხნით ადრე, გორგანმა ГРУ-ს კურატორისთვის ინფორმაციის მიწოდება შეწყვიტა და კიშინიოვში მდებარე გაეროს ლტოლვილთა ოფისში დაიწყო მუშაობა.

კომენტარები