მოლდოვამ რუსეთის ფედერაციის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1-ელ აგვისტოს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარა და გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოპოვებულ იქნა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატი დიპლომატიურ სტატუსთან შეუფერებელ საქმიანობას ეწეოდა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, გათავისუფლებული დიპლომატი, შესაძლოა, დმიტრი კელოვი, რუსეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს მოადგილე იყოს.
ცნობისთვის, გუშინ, 31 ივლისს მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ჩხრეკის შედეგად, პარლამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ორივე მაღალჩინოსანს ბრალი რუსეთის დავალებით სახელმწიფო ღალატსა და ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში ედება.
როგორც Reuters-ს ანონიმურმა წყარომ უთხრა, დაკავებულები რუსეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს მოადგილეს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ.





