მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვაში რუსული კულტურის ცენტრი დაიხურება

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, კიშინიოვში რუსული კულტურის ცენტრი დაიხურება.

სამინისტრომ გადაწყვეტილება მოლდოვის საჰაერო სივრცეში შემოფრენილი დრონების გამო მიიღო.

13 თებერვალს მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენიმე რუსულმა დრონმა დაარღვია, მოგვიანებით უპილოტო საფრენი აპარატები ტარაკლიის რაიონში ჩამოვარდა.

"ამ პროვოკაციების საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს 1998 წელს მიღებული მოლდოვისა და რუსეთის შეთანხმება კულტურული ცენტრების შექმნის შესახებ. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ რუსული კულტურის ცენტრმა უნდა შეწყვიტოს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობა". – წერია საგარეოს განცხადებაში.

რუსული მეცნიერებისა და კულტურის სახლი კიშინიოვში 2009 წელს გაიხსნა.

ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანში დაიხურა მსგავსი ორგანიზაცია "რუსული სახლი". ბაქომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფაქტიურად დადასტურდა, რომ რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი დააზიანა, რომელიც შემდგომ ყაზახეთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები