სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ღირსნი ვართ, გახსნან მოლაპარაკებები

სალომე ზურაბიშვილის Intagram-ი 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ორბელიანის სასახლეში "ქართულ ქარტიაზე" ხელის მომწერ პოლიტიკურ პარტიებს სიტყვით მიმართა. 

პრეზიდენტმა განმარტა როდის და რატომ გადაწყვიტა "ქართული ქარტიის" შექმნა და რას ისახავს მიზნად ეს ქარტია, მისი თქმით მიზანი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე მუშაობას და უმოკლეს დროში ევროკავშირში ინტეგრაციას ისახავს. 

"უკვე ნათელი იყო იმ დროს ჩემთვის, როცა ამას ვაცხადებდი პარლამენტში, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად მმართველი პარტია არ აპირებდა და არ მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეესრულებინა თუნდაც ნაწილი ამ 9 ნაბიჯისა, მაგრამ როცა 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები მე მაინც მივმართე ასევე მმართველ პარტიას და პირველ რიგში მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ესენიც ჩართულიყვნენ თუ სურვილი ექნებოდათ ამ პროცესში, რადგან პასუხი არ მიმიღია პირველისგან მერე მივმართე ახალ დანიშნულ თავმჯდომარეს...მაგრამ იმისგანაც არ მიმიღია არანაირი პასუხი.

საწყისი ამ პროცესის იყო, რომ ვანახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია რეალისტურად მოკლე დროში იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები იმაში, რომ ჩვენ ღირსნი ვართ, რომ ნება, პოლიტიკური ნება. რომელიც აქამდე არ გამოჩენილა, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და შეიძლება ისევ დაუბრუნდნენ იმ გეგმას, რომ ჩვენთვის გაიხსნას ის მოლაპარაკებები". - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა არსებობს 2025 წლისთვის და მათი კალენდარი ამის ირგვლივ არის აწყობილი, "რომ მაქსიმალურ მოკლე დროში შევძლოთ და არავინ არ გვთხოვს, რომ მაქსიმალური 120%-ით შევასრულოთ ყველაფერი, თუ კი ეს იქნება პოლიტიკური ნება, რასაც ეხვეწებოდნენ ქართულ ოცნებას რომ გვაჩვენეთ, რომ თქვენ ამისი სურვილი გაქვთ და არ უჩვენებიათ". ზურაბიშვილის თქმით მის გამოსვლას ხელისფულებისგან მოყვა ანტიდასავლური კანონების მთელი რიგი და იმის მაგივრად, რომ ემუშავათ იმ კანონებზე რომლებიც შეასრულებდნენ რაღაც ნაწილს, თუნდაც იმ 9 ნაბიჯის, პირიქით მიიღეს ისეთი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ამ ევროპულ გზას და ამის მაგალითად მოჰყავს ქალების კვოტაზე კანონი, და ბოლოს რუსული კანონი, რომელზეც მისი თქმით საქართველომ ყველაზე ნათელი გზავნილები მიიღო.

"ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა, არანაირად და პირიქით ეწინააღმდეგება და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო, ასე რომ, მე მგონი, რომ ნათელი არჩევანი დგას, ეს არის არჩევანი ევროპული გზის გადარჩენის". - ამბობს პრეზიდენტი რუსულ კანონზე. 

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქარტია არ ნიშნავს, რომ ერთიანობა იყოს აუცილებელი "ეს თქვენი საქმე არის, რა ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ეს თქვენი და თქვენი ამომრჩევლის საქმე არის. მე ერთადერთი გთავაზობთ ამ ერთობის ფორმულას, რაც არის ამ პროცესში და ამ დოკუმენტის ირგვლივ, ამ ვალდებულებების ირგვლივ". - უთხრა მან ქარტიაზე ხელის მომწერ პოლიტიკურ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს. 

პრეზიდენტმა აღნიშნა რამდენიმე კანონი, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში მიიღო და რადგან ფოკუსი იყო რუსულ კანონზე საკმარისი ყურადღება ვერ მიაქციეს, ერთ-ერთია ოფშორების კანონი "რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობა, ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არა გამჭვირვალე კანონია". - ამბობს პრეზიდენტი ოფშორების კანონზე, რომელსაც ვეტო დაადო. ასევე ისაუბრა საპენსიო ფონდზე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე და ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის დათმობაზე, რაც მისი თქმით "დანის ჩარტყმა" არის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. 

ზურაბიშვილმა ისაუბრა ქართული დიასპორების მნიშვნელობაზე 2024 წლის არჩენებზე და მოუწოდა მათ, რომ დარეგისტრირდნენ საკონსულოებში, მისი თქმით ახალგაზრდების და ემიგრანტების ხმა არის დაახლოებით მილიონ ნახევარი ახალი ამომრჩეველი, რომლებიც აქამდე პრაქტიკულად არ ღებულობდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

პრეზიდენტის თქმით ახალგაზრდების როლი იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ პროსტით, არამედ დარჩენილი თვეები აქტიურობით და არჩევნებში მოსვლით, ის გეგმავს, რომ 11 ივნისს 8 საათზე შეხვდეს ახალგაზრდებს და უპასუხებს მათ შეკითხვებს. 

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. 

"გადავწყვიტე, თქვენს წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობასა და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები