ცვლილება საგადასახადო კოდექსში

პარლამენტმა ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. 

კენჭისყრაზე 64-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ კი, ივანიშვილის 83-მა დეპუტატმა კანონის თავდაპირველი ვერსიის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი. 

3 დღის ვადაში კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება. ამჯერად მას ვეტოს გამოყენების უფლება არ აქვს. სალომე ზურაბიშვილს კანონზე ხელის მოსაწერად და მის გამოსაქვეყნებლად 5-დღიანი ვადა ექნება.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს არ გამოაქვეყნებს, ის ხელმოსაწერად გაეგზავნება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც კანონს ხელს მოაწერს და 5 დღეში გამოაქვეყნებს.

სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო 3 მაისს დაადო.

პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებში აღნიშნავდა, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია და არ შეიძლება იქნეს მიღებული დაჩქარებული წესით (განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე) - შებამისად, ის ფორმა, როგორც და რანაირადაც იქნა განხილული კანონი, მიუღებელი და დაუშვებელია.

სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტიდან სრულად ამოიღო პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორებში) რეგისტრირებული აქტივების, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში  მოგების, საშემოსავლო და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებას. 


19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ე.წ. ოფშორების კანონი მიიღო. ინიციატივის მომხრე 73 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი - 9. რეგისტრაცია 117-მა დეპუტატმა გაიარა. საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

კომენტარები