მასწავლებლების ხელფასი

"ახალ ლოგიკაზე აწყობილი სახელფასო პოლიტიკა მასწავლებლებისთვის" - ვის ეზრდება და რამდენით

მასწავლებლების ხელფასი

"ახალ ლოგიკაზე აწყობილი სახელფასო პოლიტიკა მასწავლებლებისთვის" - ვის ეზრდება და რამდენით

გასული წლის ოქტომბერში ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლების ხელფასების 500-ლარიანი ზრდა დააანონსა. მას შემდეგ, პედაგოგების ხელფასების ზრდაზე საუბრობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი კობახიძეც. 

17 ივნისს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. მათი მტკიცებით:

  • 500 ლარით ხელფასი ეზრდება - 21 000-მდე მასწავლებელს;
  • 600 ლარით - 8 000-მდე მასწავლებელს;
  • 700 ლარით - 5 000-მდე მასწავლებელს;
  • 800 ლარით - 3 000-მდე მასწავლებელს;

"დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება" - წერია განცხადებაში.

დაბალსტატუსიანების გაზრდილი ხელფასი - ახალი ანაზღაურების სქემა მასწავლებლებისთვის?

19 ივნისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოაქვეყნა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლები ანაზღაურებას საათობრივი დატვირთვის, განათლების კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის მიხედვით მიიღებენ. ახალ მოდელს არაერთი მასწავლებლის კრიტიკა მოჰყვა, მათი დათვლით, მენტორის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიუხედავად, ხელფასი მცირედით, მხოლოდ 85 ლარით, 100 ლარით, 190 ლარით გაეზარდათ.

განათლების სამინისტროს ცნობით, აისქულის ბაზაში ახალი წესით დაანგარიშებული ხელფასები მხოლოდ 5 ივლისს აისახება. მათივე ინფორმაციით, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ოდენობა. ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკა "ახალ ლოგიკაზეა" აწყობილი და ანაზღაურების ძირითადი წილი საათობრივ დატვირთვაზე გადავიდა. შესაბამისად, ახალი სახელფასო პოლიტიკით, წამყვან და მენტორი მასწავლებლების დანამატს შორის დიდი სხვაობა აღარაა, უფროსი მასწავლებლის დანამატი კი - აღარ არსებობს.

ამასთან, განათლების სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თუ მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გაანგარიშების ახალი წესით ნაკლებია 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მიღებულ ანაზღაურებაზე, 2 წლის განმავლობაში მასწავლებელს უნარჩუნდება ძველი ანაზღაურება და მიეცემა დამატებით 200 ლარი. მათი მტკიცებით, 200-ლარიანი მატება შენარჩუნდება გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგაც.

ახალი მოდელით, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისთვის მასწავლებელი 20-ლარიან დანამატს მიიღებს, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისთვის, ასევე, 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლებისთვის 40 ლარს, ხოლო დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისთვის – 100 ლარს.

ასევე, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია სამუშაო სტაჟის შემდეგი ოდენობა:

  • 0-დან 5 წლის ჩათვლით - 15 ლარი;

  • 5-დან 10 წლის ჩათვლით – 30 ლარი;

  • 10 წლის ზემოთ – 45 ლარი;

  • კლასკომპლექტით სწავლება – 40.50 ლარი;

  • არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;

  • კლასის დამრიგებლობა – 101.25 ლარი;

  • მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი,  სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, 150 ლარი იქნება, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

  • წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;

  • მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

განათლების სამინისტრო ასევე აქვეყნებს  ცხრილს, რომლის მიხედვითაც გაანგარიშდება მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურება. 

ანაზღაურების სისტემა იცვლება სპეციალური მასწავლებლებისთვისაც, პედაგოგის დატვირთვის შესაბამისად. 

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თუ ახალი წესით და ძველი წესით დაანგარიშებულ ხელფასებს შორის სხვაობა არ იწვევს 200 ლარის ოდენობით ხელფასის ზრდას, მაშინ მასწავლებელს საათობრივი დატვირთვის მიუხედავად, გაზრდილი ანაზღაურება მიეცემა მინიმუმ 200 ლარის ოდენობით.

განათლების სამინისტრო აზუსტებს, რომ ახალი სახელფასო სისტემით ხელფასი გაეზარდათ მხოლოდ სტატუსიან მასწავლებლებს, "ვინაიდან საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება არის ის მინიმუმი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას".

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ჯამში 60 444 მასწავლებელი იყო. ხელფასი 52 000-ზე მეტ პედაგოგს გაეზრდება. 

როგორი იყო კანონმდებლობა ცვლილებებამდე

მინისტრის ახალი ბრძანების ამოქმედებამდე მასწავლებლები საბაზისო ხელფასთან ერთად სახელფასო დანამატს იღებდნენ სტატუსის მიხედვით. წამყვანის და მენტორის სტატუსის მინიჭება ხდებოდა მასწავლებელთა უნარების გამოცდის შედეგებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე.

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრებოდა 384 ლარით და 75 თეთრით.

სახელფასო დანამატი უფროსი მასწავლებლისათვის იყო 795 ლარი, წამყვანი მასწავლებლისათვის - 1175 ლარი, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის - 1 475 ლარი.

ახალი ანაზღაურების სქემის მიხედვით, სახელფასო დანამატი შემცირდა და  მასწავლებლები წამყვანის სტატუსის შემთხვევაში 150 ლარს, ხოლო მენტორის სტატუსის შემთხვევაში 300 ლარს მიიღებენ.

ამასთან, სამინისტროს ვებგვერდზე 18 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა წამყვანი/მენტორი მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების სქემაც.

მასწავლებლების პოზიცია ანაზღაურების ახალ სისტემაზე

სამინისტროს მიერ შეთავაზებული ახალ სახელფასო სქემას მასწავლებლების კრიტიკა მოჰყვა. ტაბულა ესაუბრა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულსა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორ მასწავლებელს, როლანდ შავაძეს. შავაძის თქმით, არსებული ხელფასზე თანხის დაკლებას დოქტორის ხარისხმა "გადაარჩინა" და ანაზღაურება მხოლოდ 85 ლარით მოემატა. 

"დაგვპირდნენ, რომ, საშუალოდ, ყველა მასწავლებლის ხელფასი გაიზრდებოდა 500 ლარით. საშუალო რომ თქვეს, 500 ლართან მიახლოებულ დანამატს ყველა ელოდებოდა.  იყო მასწავლებლების კატეგორიაც, რომლებიც იაზრებდნენ, რომ ეს იყო სიყალბე - ხელფასების ამ ტიპით მატებას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია უნდა უწყობდეს ხელს. 

გასული წლის ოქტომბერში პრემიერმა დააანონსა ხელფასების მატება. ნოემბრიდან დღემდე ცდილობდნენ, როგორმე შეემუშავებინათ ისეთი სისტემა, რომ გამომძვრალიყვნენ. საბოლოოდ, ვერ გამოძვრნენ, რადგან ასეთი არარეალური დაპირებიდან შეუძლებელია თავის დაძვრენა" - ამბობს როლანდ შავაძე და აღნიშნავს, რომ მათ, "ვინც იწვალა, მასწავლებლის პრესტიჟზე იმუშავა, წარმოაჩინა საკუთარი თავი", შრომა არ დაუფასდა. შავაძემ თქვა, რომ ასე მასწავლებლის პროფესიული ზრდა აზრს კარგავს.

"შეიმუშავეს ფორმულა, რომელიც საათებს მიაბეს. ჩათვალეთ, რომ უნდა დავივიწყოთ ის წვალება მასწავლებლებისა, რაც სტატუსის ცვლილებაში ჩადეს. ეს არის 100-150 ლარზე ჩამოყვანილი წვალება, აღარაფრად აღარ ითვლება, მენტორი იქნები, წამყვანი თუ ა. შ. 

საათების რაოდენობას მიაბეს კონკრეტული თანხა და ამას ემატება კონკრეტული კვალიფიკაცია - ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის ხარისხი... მივიღეთ, რომ მასწავლებლების რაღაც კატეგორიას, რომლებიც საარჩევნოდ მეტნი არიან, მართლაც მოემატათ ხელფასი. ვინც იწვალა, მასწავლებლის პრესტიჟზე იმუშავა, წარმოაჩინა საკუთარი თავი, ყველაზე დამცირებული დარჩა. ასე მასწავლებლის პროფესიული ზრდა აზრს კარგავს. საბოლოოდ მოტივაციაშელახული მასწავლებლები გვყავს, რა აზრი აქვს წვალებას, თუკი შრომა არ დაგიფასდება? სამართლიანობის პრინციპი მოითხოვდა, არსებულ ხელფასზე ყველას ერთნაირი დანამატი ჰქონოდა და არა ის, ვიღაცას დააკლო, ვიღაცას მოუმატო და სრული ქაოსი გამოიწვიო" - ამბობს შავაძე. 

ანაზღაურების სისტემის ცვლილებას გამოეხმაურა მათემატიკის მენტორი მასწავლებელი, კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი ნანა დაბრუნდაშვილიც. 

"ვარ მაგისტრი-მენტორი მასწავლებელი, 35 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მაქვს 20 საათი  და ხელფასი მომემატა 190 ლარით" - წერს დაბრუნდაშვილი და აღნიშნავს, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკა გამოიწვევს შიდა სასკოლო სივრცეში დაძაბულობის მატებას და კოლეგების დაპირისპირებას. 

"კიდევ რამდენიმე დეტალი, რომ არ გამოგვრჩეს - მაშინ, როცა 1 საათის ღირებულება თითქმის 3-ჯერ გაზარდეს, სტაჟებს შორის განსხვავება სასაცილოა. პროფესიაში ახლადშესულსა და 35, ან მეტი წლის სტაჟის მქონეს შორის განსხვავება მხოლოდ 30 ლარია, ისიც საათებზე დამოკიდებული.

ფაქტობრივად, ჩემი 35-წლიანი გამოცდილება 17-წუთიანი გაკვეთილის ფასიც კი არ ღირებულა, რადგან პროფესიაში ახალ შესულსა და დიდ სტაჟიანს შორის განსხვავება მხოლოდ 30 ლარია.

განათლება-კვალიფიკაციის სარგოს დაკნინება არც აქ გამორჩენიათ: ბაკალავრსა და მაგისტრს შორის განსხვავება მხოლოდ 20 ლარია, ესეც საათებზე დამოკიდებული. ფაქტობრივად, ჩემი მაგისტრის დიპლომი 25-წუთიანი გაკვეთილის ღირებულების ტოლფასია.

წამყვანის ფუნქციური დანამატი განსაზღვრეს 150 ლარით, რაც 2 საათის ღირებულებაც კი არ არის. მენტორის ფუნქციური დანამატი 300 ლარია - ეს კი, დაახლოებით, 3 საათის ღირებულების ტოლფასია. არადა, 3 საათზე მეტს თითქმის ყოველდღე ვხარჯავ მენტორის ფუნქციის შესასრულებლად. მოკლედ, კარგი წინასაარჩევნო ტრიუკი ჩაგვიტარეს, მაგრამ კარგად მაინც ვერ გათვალეს, რადგან მასწავლებელთა დიდი ნაწილი უკვე სტატუსიანია და იმედებიც ბევრს გაგვიცრუეს - აბა, სადაა დაპირებული 500-ლარიანი მატება?" - წერს დაბრუნდაშვილი სოციალურ ქსელში. 

ერთ-ერთი მასწავლებლის შეკითხვას, არის თუ არა პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარება, მაშინ, როცა სტატუსის მქონე მასწავლებლებს დანამატი საგრძნობლად შეუმცირდათ, განათლების სამინისტრო შემდეგნაირად პასუხობს.

"მასწავლებლის პროფესიული განვითარება მისი ყოველდღიური მუშაობის ნაწილია. პროფესიული განვითარება ევალება ყველა მასწავლებელს მიუხედავად სტატუსისა. სისტემაში რჩება წინსვლის შესაძლებლობა იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც სურთ კარიერული წინსვლა და დამატებითი ფუნქციების შეთავსება" - წერია სამინისტროს გვერდზე სოციალურ ქსელში.

უწყების გვერდზე პასუხობენ იმ მასწავლებელსაც, რომელიც მუშაობს ორ სკოლაში, ახალი ფორმულით ხელფასი გაეზარდა 417 ლარით, ხოლო მეორე სკოლაში დააკლდა 92 ლარი.

"თქვენს შემთხვევაში, პირველ სკოლაში აიღებთ გაზრდილ 417 ლარს, ხოლო მეორე სკოლაში შეგინარჩუნდებათ ძველი ხელფასი და დამატებით კიდევ მოგეცემათ 200 ლარი. შესაბამისად, ჯამური მატება 617 ლარი გექნებათ" - პასუხობენ პედაგოგს სამინისტროში.

ერთ-ერთი შეკითხვის ავტორის თქმით, სკოლაში აქვს 7 საათი, არის მენტორი და იღება 2023 ლარს. ახალი პოლიტიკოთ, რომელიც აქცენტს აკეთებს საათებზე, ანაზღაურება 1011 ლარი გამოდის. ამაზე სამინისტრო პასუხობს, რომ 2 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება 2023 ლარი და დამატებით მიიღებს 200 ლარს. ასევე, 1 ივლისიდან, საშვებულებო პერიოდშიც მოგეცემათ როგორც 2023 ლარი, ასევე დამატებით 200 ლარი.

რა მოხდება ორი წლის შემდეგ, შეუმცირდებათ თუ არა სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი, ამაზე განათლების სამინისტროს ჯერჯერობით პასუხი არ აქვს.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი გასული წლის ნოემბერში ამბობდა, რომ მუშაობდნენ მასწავლებლებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდებოდა. ამილახვარის თქმით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება ბოლო წლების განმავლობაში "უპრეცედენტოდ" გაიზრდებოდა -  საშუალოდ 500 ლარით და მეტით.

ასევე, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ოქტომბერში მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დააანონსა, რომ საარჩევნო წელს მასწავლებლებს ხელფასები საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებოდათ. 

"ჩვენ, მთავრობას კარგად გვაქვს გააზრებული ის დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით, მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ, გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი. აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც სრული დატვირთვის პირობებში საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება" - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები