რუსული კანონი

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რუსული კანონი უკან გაიწვიოს

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისია დასკვნაში საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე რეკომენდაციას აძლევს, გაიწვიოს რუსული კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით.

"მისი [კანონის] ფუნდამენტური ნაკლოვანებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისთვის, საჯარო საკითხებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთის მიმართ". - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ამასთანავე, რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაში ვენეციის კომისია წერს, რომ "გამოხატვის, შეკრებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებებზე დაწესებული შეზღუდვები შეუსაბამობაშია ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის მუხლებთან, რადგან თანხვედრაში ვერ მოდის დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროების მოთხოვნებთან".

დასკვნის 99-ე პუნქტის მიხედვით, "ვენეციის კომისია კატეგორიულ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, უცხოური დახმარების მიმღებ ონლაინ მედია და მაუწყებლობებისთვის, დარეგისტრირების, მოხსენებისა და გასაჯაროების მოთხოვნების სპეციალური რეჟიმი, ასევე ადმინისტრაციული სანქციები.

მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობა უკვე შეიცავს დადგენილებებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს რეგისტრაციასა და მოხსენებას, მათ შორის დაფინანსების წყაროების, [მოხსენებას] ავალდებულებს, არ გაკეთებულა დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ არის არსებული ვალდებულებები არასაკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის.

იმ შემთხვევაში, თუკი არსებული დადგენილებები არასაკმარისი აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრით არსებული კანონმდებლობის შესწორება უნდა მიიღოს მხედველობაში.

კონკრეტულად, უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ნამდვილი წარმომადგენლობითი (ლობირების) ქმედებების რეგულირება ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში შეიძლება, თუკი ამჟამინდელი კანონმდებლობა ადეკვატური არ არის".

ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისია ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში უკვე დაადანაშაულა. 

მმართველი პარტიის დეპუტატმა, სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია.

კომენტარები