რუსული კანონი

ოცნება ამბობს, რომ ვენეციის კომისია ფაქტებს ამახინჯებს და რადიკალებს ახალისებს

ქართული ოცნება

ქართული ოცნება ვენეციის კომისიას ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა ისაუბრა.

"ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს.

ამდენად გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს". - თქვა ქურასბედიანმა ბრიფინგზე.

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია დასკვნაში საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე რეკომენდაციას აძლევს, გაიწვიოს რუსული კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით.

"მისი [კანონის] ფუნდამენტური ნაკლოვანებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისთვის, საჯარო საკითხებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთის მიმართ". - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

კომენტარები