რუსული კანონი

2024 წელს აქციაზე დაკავებულთა მიმართ უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას – ომბუდსმენი

ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის ძირითადი მიგნებები წარუდგინა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, კომიტეტისთვის წარდგენილ მიგნებებს შორის იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, "შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები".

კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ფიზიკურ ძალას უფრო მეტად იყენებდნენ 2024 წლის აქციების დროს.

"2024 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა". - ნათქვამია სხდომის შემდეგ სახალხო დამცველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გამოწვევად რჩება მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არარსებობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა. კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა რუსული კანონის ინიცირებაზეც და მას შემაშფოთებელი უწოდა.

"შემაშფოთებელი იყო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. სამწუხაროდ, 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახავი შეიძლება გახდეს". - აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატმა.

ომბუდსმენის მიერ კომიტეტისთვის წარდგენილ ძირითად მიგნებებს შორის მოხვდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ გინტურის მკვლელობა, თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტი და საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების სხვადასხვა სახის უფლებების დარღვევა.

ამასთან, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და გამოყო 14 წლის აითაჯ შახმიროვას მკვლელობის საქმე. აპარატმა აღნიშნა, რომ პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინება და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე არასათანადო ხელმისაწვდომობა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში 2 აპრილს გამოაქვეყნა გამოაქვეყნა.

386-გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი - ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

კომენტარები