ტუნისი

ტუნისის რელიგიური საკითხების მინისტრი ჰაჯის დროს დაღუპული ტუნისელების გამო გადააყენეს

REUTERS/Mohammed Torokman

ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიედმა რელიგიის საკითხების მინისტრი ბრაჰიმ ჩაიბი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საუდის არაბეთში, მექაში ჰაჯის რიტუალის დროს დაღუპული ათობით ტუნისელია

გავრცელებული ინფორმაციით, მექაში ჰაჯის მოლოცვის დროს  49 ტუნისელი დაიღუპა. ტუნისში ოჯახები კიდევ ეძებენ დაღუპულ ნათესავებს. წელს ჰაჯის შესრულების დროს სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია. ტემპერატურა მექაში 52 გრადუსამდე ავიდა. 

ჰაჯი ტრადიციული მოლოცვის რიტუალია, რომელიც მექაში ყოველწლიურად ტარდება. პილიგრიმები სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნებიდან მექადან აღმოსავლეთით დაახლოებით, ხუთ კილომეტრში ლოცვით მსვლელობას აწყობენ. მომლოცველები იმ გზას გადიან, რომელიც გადმოცემის თანახმად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა განვლო. 

ჰაჯი უდიდესი ყოველწლიური პილიგრიმობაა მსოფლიოში. ის მუსლიმური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმი ვალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს.

კომენტარები