კრიმინალი

კლინიკაში გარდაცვლილი ნაცემი ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი დაუმძიმდება – POG

shutterstock

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, ვარკეთილში ცემის შედეგად კლინიკაში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი დაუმძიმდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერს პროკურატურა.

ერთი კვირის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ მოქალაქე ანა კომლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალგაზრდას ე.წ. უბნის მაყურებლებმა სცემეს.

"უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი კვირა გავიარეთ. ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმა. ცემით მოკლეს!!!

ჩვენ უბნის მაყურებლები ვართო უთხრეს ნაძირალებმა. ჩვენ ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლეს.

ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ერთი კვირის თავზე დაგვეღუპა ჩვენი ბიჭი ღმერთოოო... როგორ გავუძლოო როგორ". - დაწერა კომლაძემ.

კომენტარები