დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Reuters: სირიაში აშშ-ს ბაზის მიმართულებით ერაყიდან ხუთი რაკეტა ისროლეს

აშშ-ს ალ-ასადის ბაზა ერაყში, 2019
AP

გამოცემა Reuters-ი ორ ერაყულ უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერაყის ქალაქ ზუმარიდან სირიის ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი რაკეტა გაუშვეს.

წყაროების ცნობით, რეაქტიული გამშვები დანადგარი მცირე ზომის სატვირთო მანქანაზე იყო დამაგრებული, რომელიც სირიის საზღვართან მდებარე ერაყულ ქალაქ ზუმარში იყო განთავსებული.

ამასთანავე, გამოცემასთან საუბრისას სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რაკეტების გაშვების შემდეგ სატვირთო მანქანას, არანასროლი რაკეტების აფეთქების შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა, რა დროსაც ჰაერში სამხედრო თვითმფრინავები იმყოფებოდნენ.

სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, "არ შეგვიძლია იმის დადასტურება, რომ სატვირთო აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა, თუკი გამოძიებას არ ჩავატარებთ".

მანამდე, 20 აპრილს, ერაყის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას ერაყის უსაფრთხოების ძალების წევრი ემსხვერპლა. ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა იყო, ხოლო ერაყის არმიის თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და თავდასხმის დროს ცაში სამხედრო თვითმფრინავები არ იმყოფებოდნენ.

ეს თებერვლის შემდეგ რეგიონში აშშ-ს სამხედრო ძალებზე პირველი თავდასხმაა მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ამერიკის ბაზებზე თავდასხმების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები