12 წლის ბავშვის გარდაცვალება

გვამიდან აღებული ნიმუშების დაზიანება - 12 წლის გოგოს საქმეზე ექსპერტს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების დაზიანებისთვის ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით წარუდგინა. გარდაცვლილი მოზარდის უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, პროკურატურა ექსპერტისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს, რაც საფრთხეს ქმნის "შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების კუთხით". 

უფლებები საქართველოს ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.

პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება 5 ივლისსდაიწყო. გამოძიების ცნობით, სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევის გამო, გვამიდან აღებულ საკვლევ მასალაზე "ობის მაგვარი დანაშრევები წარმოიშვა". 

"ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება" - ნათქვამია განცხადებაში.

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. 16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. 12 წლის გოგო რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები