ჰაიტი

ჰაიტიში არეულობის ფონზე, ქვეყნის პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

ჰაიტის პრემიერმინისტრი, არიელ ჰენრი ნაირობიში მდებარე ამერიკულ საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე, 2024 წლის 1 მარტი 
AP Photo/Andrew Kasuku, File

ჰაიტიში არეულობის ფონზე, რასაც პრემიერმინისტრზე, არიელ ჰენრიზე გადადგომასთან დაკავშირებით საერთაშორისო ზეწოლა მოჰყვა, ქვეყნის ლიდერმა 12 მარტს, დილით, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი მთავრობა გარდამავალი საპარლამენტო საბჭოს შექმნის შემდეგ დაიშლება.

"მთავრობა, რომელსაც ვმართავ, ამ სიტუაციის მიმართ უგრძნობი ვერ დარჩება. არ არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის მსხვერპლი, რომელიც ზედმეტად დიდი იქნება. მთავრობა, რომელსაც ვმართავ, საბჭოს დანიშვნისთანავე დაიშლება". - თქვა მან პუერტო რიკოდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ჰენრი ჰაიტიში ჩასვლას ვერ ახერხებს, რადგან ქვეყანაში ბანდების მიერ მოწყობილი არეულობის შემდეგ ყველა დიდი აეროპორტი დაიხურა. მის თვითმფრინავს ჰაიტის მეზობელ დომინიკის რესპუბლიკაშიც აუკრძალეს დაშვება. ოფიციალურმა პირებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ჰაიტის პრემიერის რეისს შესაბამისი საფრენი გეგმა არ ჰქონდა. საბოლოოდ, კარიბის ზღვის ქვეყნის ლიდერს პუერტო რიკოში ჩასვლა მოუწია, სადაც უკვე ერთი კვირაა იმყოფება.

ჰენრიმ გადადგომის შესახებ მიმართვა გაავრცელა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც იამაიკაში კარიბის ზღვის ქვეყნებისა და აშშ-ს წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრებოდა, ჰაიტიში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზები განიხილეს და გარდამავალი საბჭოს შექმნის იდეას დაუჭირეს მხარი.

მას შემდეგ, რაც ჰენრის კენიაში ყოფნის დროს, 29 თებერვლიდან, მძიმედ შეიარაღებულმა ბანდებმა პოლიციის განყოფილებები დაწვეს, თავს დაესხნენ ქვეყნის მთავარ აეროპორტს და ორი უდიდესი ციხე დაარბიეს, რამაც 4 000-ზე მეტი პატიმრის გაქცევა გამოიწვია, ბუნდოვანი გახდა ვინ შეძლებდა ჰაიტის კრიზისიდან გამოყვანას. ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი პროტესტის მონაწილეები ჰენრის გადადგომას ითხოვდნენ.

ჰაიტიში არეულობის დაწყებიდან უკვე ათობით ადამიანი დაიღუპა, ბანდების მიერ დარბეული უბნებიდან გამოქცევის შემდეგ კი 15 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. იკლებს საკვებისა და წყლის მარაგიც. დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მთავარი პორტი დახურულია, შედეგად, ქალაქს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგები ვერ მიეწოდება.

იამაიკაში გამართული საგანგებო შეხვედრა რეგიონული სავაჭრო ბლოკის, Caricom-ის ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ბლოკი ჰაიტიში გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად ქვეყნის პრემიერზე ზეწოლას თვეების განმავლობაში ახორციელებდა.

საგანგებო შეხვედრის შემდეგ გარდამავალი საბჭოს შესახებ დეტალებზე გაიანას პრეზიდენტმა, ირფაან ალიმ ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოში ხმის უფლების მქონე 7, ხოლო ამ უფლების არმქონე 2 წევრი იქნება.

ჰაიტის 1987 წლის კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ, ჰენრის ჰაიტის პრემიერმინისტრის პოსტი ყველაზე ხანგრძლივად ეკავა. მან ფიცი პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, 2021 წლის 7 ივლისს დადო.

ჰენრის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის არასდროს აურჩევია ხალხს და, მით უფრო, არ აურჩევია პარლამენტს, რადგან ის 2023 წლის იანვარში უკანასკნელი სენატორის ვადის ამოწურვის შემდეგ არ არსებობს. შედეგად, ჰაიტიში ერთი ოფიციალური პირიც კი არ არის არჩეული.

ჰაიტიში ბანდები 2021 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ გაძლიერდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში გატაცებებისა და მკვლელობების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

ოქტომბრის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ ჰაიტიში ბანდებთან ბრძოლაში დასახმარებლად კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ძალების გაგზავნას დაუჭირა მხარი, თუმცა, ქვეყნები, რომლებსაც ოპერაციაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.

POLITICO ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ ჰაიტიში არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად თვეების განმავლობაში სხვადასხვა გეგმას განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაციაც. გამოცემა წყაროს დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, ჰაიტიში სამხედრო პერსონალი არ გაგზავნოს და სიტუაციის გამოსწორების საშუალება საერთაშორისო პარტნიორებს მისცეს.

11 მარტს ბლინკენმა ჰაიტიზე მრავალეროვნული ძალების განთავსების მხარდასაჭერად დამატებით $100 მილიონის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. დამატებით $33 მილიონი გამოიყოფა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

კომენტარები