ჰაიტი

ამერიკელმა სამხედროებმა ჰაიტიში საელჩოს თანამშრომლების ევაკუირების მისია შეასრულეს

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრინსში არსებული არეულობის შედეგად ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ოფისში გაჩენილ ხანძარს თანამშრომლები აქრობენ, 2024 წლის 1 მარტი
Odelyn Joseph/AP

ამერიკელმა სამხედროებმა ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ევაკუირებისთვისა და ადგილზე უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით საჰაერო მისია შეასრულეს. მისიის ფარგლებში საელჩოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა დაცვის თანამშრომლები შეიყვანეს.

აშშ-ს სამხრეთის სარდლობის მიერ კვირას, 10 მარტს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე შესრულდა.

განცხადების თანახმად, მისიის მიზანი საელჩოს ოპერირების გაგრძელების უზრუნველყოფა და ადგილიდან არასაჭირო პერსონალის გაყვანა იყო, ხოლო საჰაერო ტრანსპორტში, რომლის დახმარებითაც მისია განხორციელდა, ჰაიტელები არ იმყოფებოდნენ.

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც კარიბის ზღვაში მდებარე სახელმწიფო ქაოსში გაეხვა. ჰაიტის დედაქალაქი განგსტერული ბანდების კონტროლის ქვეშ მოექცა, ქვეყნის მთავრობა კი დაშლის პირას იმყოფება.

ბანდები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებებს და ციხეებს, გაძარცვეს საზღვაო პორტები და საზოგადოებრივი შენობები, დახურეს აეროპორტი, რამაც ისეთი მნიშვნელოვანი მარაგების გადაზიდვა დაბლოკა, როგორიცაა საკვები. ქვეყნის პრემიერი, არიელ ჰენრი პუერტო რიკოშია ჩარჩენილი, ბანდის წევრები კი მის გადადგომას ითხოვენ.

ბანდების ძალადობრივი ქმედებები 9-10 მარტის შაბათ-კვირასაც გაგრძელდა. ისინი თავს დაესხნენ, სულ მცირე, პოლიციის სამ განყოფილებას.

8 მარტს გვიან კარიბის ზღვის ქვეყნებმა იამაიკაში საგანგებო შეხვედრა დააანონსეს, რომელიც დღეს, 11 მარტს უნდა გაიმართოს.

ჰაიტიში ბანდები 2021 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ გაძლიერდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში გატაცებებისა და მკვლელობების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

ოქტომბრის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ ჰაიტიში ბანდებთან ბრძოლაში დასახმარებლად კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ძალების გაგზავნას დაუჭირა მხარი, თუმცა, ქვეყნები, რომლებსაც ოპერაციაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.

POLITICO ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაიტიში არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად თვეების განმავლობაში სხვადასხვა გეგმას განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაციაც. გამოცემა წყაროს დაყრდნობით იტყობინება, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, ჰაიტიში სამხედრო პერსონალი არ გაგზავნოს და სიტუაციის გამოსწორების საშუალება საერთაშორისო პარტნიორებს მისცეს.

ამასთან, სამხრეთის სარდლობის თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა უზრუნველყოს კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული მისიის "დახმარების მხარდაჭერა", "დახმარების დაგეგმვის, ინფორმაციის გაზიარების, საჰაერო გადაზიდვის, კომუნიკაციებისა და სამედიცინო დახმარების ჩათვლით".

"ჩვენი საელჩო რჩება ფოკუსირებული ჰაიტელი ხალხის მხარდასაჭერად აშშ-ს მთავრობის ძალისხმევაზე, მათ შორის, ჰაიტის ეროვნული პოლიციის მხარდაჭერის მობილიზებაზე, გაეროს მიერ უფლებამოსილი მრავალეროვნული უსაფრთხოების მხარდაჭერის (MSS) მისიის განლაგების დაჩქარებაზე და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის დაჩქარებაზე". - ნათქვამია აშშ-ს სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.

კომენტარები