ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში დაშვებისას ამერიკული ავიახაზის, Spirit Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდასხმის შედეგად ერთი ბორტგამყოლმა მცირე დაზიანებები მიიღო. არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.
"გამოძიებამ დაადგინა თვითმფრინავის დაზიანების ნიშნები, რომლებიც იარაღის ცეცხლს შეესაბამება. [...] ერთ-ერთმა ბორტგამყოლმა მცირე დაზიანებებზე გვაცნობა და მას სამედიცინო შემოწმება უტარდება". - თქვა Spirit Airlines-ის სპიკერმა, ტომი ფლეჩერმა განცხადებაში.
Spirit Airlines-ის ინფორმაციით, თვითმფრინავს ფრენებისთვის აღარ გამოიყენებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ გადაუმოწმებელ ვიდეოებში თვითმფრინავის შიგნიდან ნატყვიარები ჩანს.
ავიარეისი, რომელიც ფლორიდიდან ჰაიტის მიმართულებით მიფრინავდა, დომინიკის რესპუბლიკაში, სანტიაგოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტყვია ავიახაზ JetBlue-ს თვითმფრინავსაც მოხვდა, რომელიც პორტ-ო-პრენსიდან აფრინდა. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თვითმფრინავი ნიუ იორკში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავს ნატყვიარი ზედაპირზე აქვს, კომპანია ამჟამად შემთხვევას იძიებს.
თავდასხმის გამო ავიახაზებმა, Spirit Airlines-მა, American Airlines-მა და JetBlue-ჰაიტის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.
შემთხვევის ფონზე, დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ლუი აბინადერმა აშშ-სა და ჰაიტის ხელისუფლებას მოუწოდა, ჰაიტის ბანდები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადონ.
"დომინიკის რესპუბლიკა მათ ეპყრობა და მოეპყრობა, როგორც ტერორისტებს. [...] ეს ტერაქტია". - თქვა აბინადერმა და აღნიშნა, რომ თვითმფრინავს ტყვია 7-ჯერ ან 8-ჯერ მოხვდა.
ბოლო წლებში ჰაიტიში კრიზისული ვითარება არის. ბანდები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და ძალაუფლებისთვის იბრძვიან.
2024 წლის დასაწყისიდან ბანდიტები საავადმყოფოებს, პოლიციის შენობებსა და ადგილობრივ მოსახლეობას თავს ესხმოდნენ. ვითარების გამო, პორტ-ო-პრენსის აეროპორტი თვეების განმავლობაში დაკეტილი იყო.
თუმცა, 2023 წლის ოქტომბერში მშვიდობის აღდგენის მიზნით გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ჰაიტიში კენიის მეთაურობით მრავალეროვნული უსაფრთხოების მხარდაჭერის მისია (MSS) გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. MSS ჰაიტიში 2024 წლის ივნისში ჩავიდა და ქვეყანაში წესრიგი გარკვეულწილად აღადგინა. პორტ-ო-პრენსში აეროპორტი გაიხსნა.
ბოლო თვეებში ჰაიტიში ვითარება გაუარესდა. ოქტომბრის ბოლოს ბანდიტებმა გაეროს თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, 10 ნოემბერს, ჰაიტის მმართველმა გარდამავალმა საპარლამენტო საბჭომ დროებითი პრემიერმინისტრი, გერი კონილი თანამდებობის დაკავებიდან ექვს თვეზე ნაკლებში გაათავისუფლა და ახალი პრემიერმინისტრად ჰაიტის სენატის ყოფილი კანდიდატი, ალიქს დიდიე ფის-ემე დანიშნა.
საინფორმაციო სააგენტოს, AFP-ის ინფორმაციით, ახალმა პრემიერმა თქვა, რომ მის პრიორიტეტს "უსაფრთხოების აღდგენა" წარმოადგენს.