ჰაიტი

ხელისუფლების მხარდაჭერილი ბანდები ახლა ძალაუფლებისთვის იბრძვიან – რა ხდება ჰაიტიში

ჰაიტი

ხელისუფლების მხარდაჭერილი ბანდები ახლა ძალაუფლებისთვის იბრძვიან – რა ხდება ჰაიტიში

12 მარტს, ადგილობრივი და საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ჰაიტის პრემიერმინისტრმა, არიელ ჰენრიმ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მისი მთავრობა გარდამავალი საპარლამენტო საბჭოს შექმნის შემდეგ დაიშლება.

ჰენრი ჰაიტიში ჩასვლას ვერ ახერხებს, რადგან ქვეყანაში ბანდების მიერ მოწყობილი არეულობის შემდეგ ყველა დიდი აეროპორტი დაიხურა. მის თვითმფრინავს ჰაიტის მეზობელ დომინიკის რესპუბლიკაშიც აუკრძალეს დაშვება. ოფიციალურმა პირებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ჰაიტის პრემიერის რეისს შესაბამისი საფრენი გეგმა არ ჰქონდა. საბოლოოდ, კარიბის ზღვის ქვეყნის ლიდერს პუერტო რიკოში ჩასვლა მოუწია, სადაც უკვე ერთი კვირაა იმყოფება.

მას შემდეგ, რაც ჰენრის კენიაში ყოფნის დროს, 29 თებერვლიდან, მძიმედ შეიარაღებულმა ბანდებმა პოლიციის განყოფილებები დაწვეს, თავს დაესხნენ ქვეყნის მთავარ აეროპორტს და ორი უდიდესი ციხე დაარბიეს, რამაც 4 000-ზე მეტი პატიმრის გაქცევა გამოიწვია, ბუნდოვანი გახდა ვინ შეძლებდა ჰაიტის კრიზისიდან გამოყვანას. ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი პროტესტის მონაწილეები ჰენრის გადადგომას ითხოვდნენ.

ჰაიტიში არეულობის დაწყებიდან უკვე ათობით ადამიანი დაიღუპა, ბანდების მიერ დარბეული უბნებიდან გამოქცევის შემდეგ კი 15 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. იკლებს საკვებისა და წყლის მარაგიც. დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მთავარი პორტი დახურულია, შედეგად, ქალაქს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგები ვერ მიეწოდება.

რა ხდება ჰაიტიში?

კარიბის ზღვაში მდებარე სახელმწიფოს ამჟამინდელი მდგომარეობა ბევრ ფაქტორს შეიძლება დაჰბრალდეს. მათ შორისაა, ხანგრძლივი სიღარიბე, კოლონიალიზმის მემკვიდრეობა, ტყეების ჩეხა, ევროპისა და აშშ-ს ჩარევა. თუმცა, Associated Press-თან საუბრისას ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი არეულობის მთავარი მიზეზი ერთია: ჰაიტის მმართველობის მზარდი დამოკიდებულება ქუჩის ბანდებზე.

ჰაიტის ათწლეულების განმავლობაში არ ჰყავდა მუდმივი არმია ან კარგად დაფინანსებული და ძლიერი ეროვნული პოლიცია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და აშშ-ს ჩარევამ ქვეყანაში გამართული პოლიტიკური ინსტიტუტების ტრადიციის დამკვიდრება ვერ შეძლო. შედეგად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ქვეყნის მართვისთვის ჰაიტის ლიდერები ხშირად იყენებდნენ შეიარაღებულ სამოქალაქო პირებს.

ახლა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები უკიდურესად დასუსტებულია, ძალაუფლების ხელში აღებას ბანდები ცდილობენ. ისინი პრესკონფერენციებსაც ატარებენ და ბევრი მათ ქვეყნის მომავალ მმართველობაში მნიშვნელოვანი როლის მქონე ძალად მიიჩნევს.

გზა ბანდების დომინაციამდე

ჰაიტის ისტორიის შესახებ წიგნების ავტორის, მაიკლ დეიბერტის თქმით, 1990-იან წლებში, სამხედროების მიერ პრეზიდენტ ჟან-ბერტრანდ არისტიდის დამხობის შემდეგ, ჰაიტის წინააღმდეგ ემბარგო დაწესდა, რამაც საერთაშორისო იზოლაციასთან ერთად ქვეყნის მცირე საშუალო კლასი გაანადგურა.

დეიბერტი აღნიშნავს, რომ 1994 წელს აშშ-ს მხარდაჭერილი, გაეროს ძალების მიერ გადატრიალების ლიდერების ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ქვეყანაში ამერიკული ბრინჯის იმპორტმა ადგილობრივი სოფლის მეურნეობა გაანადგურა.

შედეგად, ქვეყნის რეგიონებში უმუშევრად დარჩენილი ახალგაზრდები დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში ჩავიდნენ და ბანდებს შეუერთდნენ, პოლიტიკოსებმა კი მათი, როგორც იაფი შეიარაღებული ძალის გამოყენება დაიწყეს. ამ მხრივ გამოირჩეოდა პოლიტიკოსად ქცეული მღვდელი, არისტიდი, რომელმაც 2001 წლის დეკემბერში პოლიციის ოფიცრის, გაი ფილიპის მიერ გადატრიალების მოწყობის მცდელობა სწორედ ბანდების დახმარებით აღკვეთა.

"ეს არ იყო პოლიცია, რომელიც მათი მთავრობის სასახლეს იცავდა. ეს იყო ათასობით შეიარაღებული მოქალაქე... ახლა გვყავს სხვადასხვა პოლიტიკოსი, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ბანდებთან თანამშრომლობდნენ და... ყველაფერი სახეში აუფეთქდათ". - თქვა დეიბერტმა AP-სთან.

2004 წელს ჰაიტიში სიტუაციის გასაკონტროლებლად MINUSTAH-ის სახელით ცნობილი გაეროს ძალები შეიქმნა.

ვირჯინიის უნივერსიტეტის მართვისა და საგარეო ურთიერთობების პროფესორის, რობერტ ფატონის თქმით, ჰაიტის ერთადერთმა დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა, რენე პრევალმა, რომელსაც თანამდებობა ორი სრული ვადის განმავლობაში ეკავა, ბანდები არჩევანის წინაშე დააყენა - ან დაეყარათ იარაღი, ან დაიხოცებოდნენ.

მის შემდგომ ჰაიტის ხელისუფლების დამოკიდებულება ბანდების მიმართ კვლავ შერბილდა და მათთან თანამშრომლობა ისევ განახლდა. ფატონის თქმით, ჰაიტის საზოგადოების ყველა მთავარ მოთამაშეს ჰყავდა საკუთარი ბანდა, შესაბამისად, ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე პროცესები ახალი არ არის, თუმცა, განსხვავება ისაა, რომ ახლა სიტუაცია სწრაფი ტემპით გაუარესდა.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში ბანდებმა დაიწყეს ავტონომიის მოპოვება... ბანდების ავტონომიამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია. ამიტომ მათ ახლა შეუძლიათ მთავრობას გარკვეული პირობები თავად წაუყენონ... მათ, ვინც შექმნეს ბანდები, შექმნეს მონსტრი. ახლა შეიძლება ეს ურჩხული სრულად არ აკონტროლებდეს სიტუაციას, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერი გამოსავალი დაბლოკოს". - თქვა ფატონმა.

მისივე თქმით, ბანდები, ბევრ ჰაიტელ პოლიტიკოსთან და ბიზნესმენთან ერთად მოსახლეობისთვის უკანონო "გადასახადების" გამოძალვის, გატაცებების, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდის საშუალებით შოულობენ ფულს.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ქვინსის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორის, ფრანსუა პიერ-ლუისის თქმით, პრევალის შემდეგ, ბანდებმა, პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა ყველა შესაძლო გზით ფინანსური მოგების მიღება დაიწყეს.

"სახელმწიფო, ფაქტობრივად, ნარკომოვაჭრე ქვეყნად იქცა. ბანდები გაძლიერდნენ, და არა მხოლოდ გაძლიერდნენ, მათ მიიღეს სახელმწიფო იმუნიტეტი, პოლიტიკოსები იცავდნენ მათ". - თქვა პიერ-ლუისმა.

გამოსავლის ძიებაში

ჰაიტის მოქმედმა პრემიერმა, არიელ ჰენრიმ გადადგომის შესახებ მიმართვა გაავრცელა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც იამაიკაში კარიბის ზღვის ქვეყნებისა და აშშ-ს წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრებოდა, ჰაიტიში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზები განიხილეს და გარდამავალი საბჭოს შექმნის იდეას დაუჭირეს მხარი.

იამაიკაში გამართული საგანგებო შეხვედრა რეგიონული სავაჭრო ბლოკის, Caricom-ის ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ბლოკი ჰაიტიში გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად ქვეყნის პრემიერზე ზეწოლას თვეების განმავლობაში ახორციელებდა.

საგანგებო შეხვედრის შემდეგ გარდამავალი საბჭოს შესახებ დეტალებზე გაიანას პრეზიდენტმა, ირფაან ალიმ ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოში ხმის უფლების მქონე 7, ხოლო ამ უფლების არმქონე 2 წევრი იქნება.

ჰაიტის 1987 წლის კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ, ჰენრის ჰაიტის პრემიერმინისტრის პოსტი ყველაზე ხანგრძლივად ეკავა. მან ფიცი პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, 2021 წლის 7 ივლისს დადო.

ჰენრის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის არასდროს აურჩევია ხალხს და, მით უფრო, არ აურჩევია პარლამენტს, რადგან ის 2023 წლის იანვარში უკანასკნელი სენატორის ვადის ამოწურვის შემდეგ არ არსებობს. შედეგად, ჰაიტიში ერთი ოფიციალური პირიც კი არ არის არჩეული.

ჰაიტიში ბანდები 2021 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ გაძლიერდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში გატაცებებისა და მკვლელობების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

ოქტომბრის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ ჰაიტიში ბანდებთან ბრძოლაში დასახმარებლად კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ძალების გაგზავნას დაუჭირა მხარი, თუმცა, ქვეყნები, რომლებსაც ოპერაციაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.

POLITICO ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ ჰაიტიში არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად თვეების განმავლობაში სხვადასხვა გეგმას განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაციაც. გამოცემა წყაროს დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, ჰაიტიში სამხედრო პერსონალი არ გაგზავნოს და სიტუაციის გამოსწორების საშუალება საერთაშორისო პარტნიორებს მისცეს.

11 მარტს ბლინკენმა ჰაიტიზე მრავალეროვნული ძალების განთავსების მხარდასაჭერად დამატებით $100 მილიონის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. დამატებით $33 მილიონი გამოიყოფა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

კომენტარები