ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ეროვნული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ასობით პატიმარი მას შემდეგ გაიქცა, რაც შაბათს, 2 მარტს, შეიარაღებული ბანდების თავდასხმის შემდეგ ციხეში ბრძოლა დაიწყო.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჰაიტის პოლიციის კავშირმა დედაქალაქში მყოფ ყველა ოფიცერს, ვისაც მანქანასა და იარაღზე ჰქონდა წვდომა, მოუწოდა, პოლიციას სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე კონტროლის დამყარებაში დახმარებოდა. პოლიციის თქმით, თუკი ციხეზე თავდასხმა წარმატებული იქნებოდა, დედაქალაქში დამატებით 3 000 ბანდიტი გაიქცეოდა.
პორტ-ო-პრენსში მყოფმა წყაროებმა CNN-თან განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის მთავარი სამიზნე პოლიციის განყოფილებები, საერთაშორისო აეროპორტი და ეროვნული სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, რაც ბოლო წლებში უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს.
ჰაიტიური ბანდის ლიდერმა ჯიმი შერიზიერმა პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრის არიელ ჰენრის თანამდებობიდან გადაგდების მცდელობებს გააგრძელებდა. იგი ყოფილი პოლიციელია, რომელიც ახლა ჰაიტის ბანდების ალიანსის ლიდერია. გამოცემა Le Nouvelliste-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერი დედაქალაქში არ იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით ჰაიტის საფრანგეთის საელჩომ AFP-სთან გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას "ბანდიტები" დაესხნენ თავს, რომლებიც პატიმრებს გათავისუფლებაში დაეხმარნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის ან ვინაობის პირები გაიქცნენ ციხიდან.