NATO

შვედეთი NATO-ში გაწევრიანდა

შვედეთის პრემიერმინისტრი, ულფ კრისტერსონი
Jonathon Nackstrand/AFP via Getty Images

შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ დღეს, 7 მარტს, ვაშინგტონში შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე ოფიციალურად გამოაცხადეს. 

ცერემონიაზე მხარეებმა ერთმანეთს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფორმალური საბუთები გადასცეს, რის შემდეგაც შვედეთი ალიანსის წევრი გახდა.

"ჩვენი თავდაცვითი ალიანსი ახლა უფრო ძლიერი და დიდია, ვიდრე ოდესმე. [...] ეს ცოტათი გრძელი გზა იყო, მაგრამ პირველი დღიდან ვიცოდით, რომ ერთ დღესაც აქ ვიქნებოდით". - თქვა ბლინკენმა. 

კრისტენსონმა ცერემონიაზე თქვა, რომ მდგომარეობა რეგიონში ასეთი სერიოზული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა და დაამატა, რომ NATO-ში გაწევრიანებით ორივე მხარის უსაფრთხოება უმჯობესდება.

"ჩვენ თავმდაბლები ვართ, მაგრამ ამაყებიც. ყველა მოლოდინს შევასრულებთ. ვიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობებსა და რისკებს ჩვენს სხვა მოკავშირეებთან". - თქვა კრისტერსონმა

შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი X-ზე გამოეხმაურა.

"ოფიციალურია - შვედეთი ახლა NATO-ს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდასთან დამსახურებულ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთლიან ალიანსს უფრო დაცულს ხდის. ველი, რომ აღვმართო მათი დროშა NATO-ს შტაბბინაში ორშაბათს". - წერს სტოლტენბერგი

აშშ-სთან და ევროკავშირის წევრებთან სამხედრო თანამშრომლობის მიუხედავად, შვედეთი დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ომში მონაწილეობა მე-19 საუკუნეში ნაპოლეონური ომების შემდეგ არ მიუღია. 

თუმცა, 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ფონზე, შვედეთმა თავის მეზობელ ფინეთთან ერთად NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს მოაწერა ხელი. 

2023 წლის აპრილში ფინეთი ალიანსის წევრი შვედეთისგან დამოუკიდებლად გახდა.

შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო 18 თვე გახანგრძლივდა. თურქეთმა რატიფიცირების გადაწყვეტილება 24 იანვარს მიიღო.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეერთებოდა, პროცესისთვის მხარი ბლოკის 31-ვე წევრს უნდა დაეჭირა. თურქეთის მიერ მიღების პროტოკოლის რატიფიკაციის შემდეგ, წევრობამდე გზაზე შვედეთს დაბრკოლების სახით მხოლოდ უნგრეთი რჩებოდა.

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში მიღებას მხარი 26 თებერვალს დაუჭირა, რასაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და თქვა, რომ "შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გაგვხდის".

5 მარტს უნგრეთის პრეზიდენტმა ტომას შუიოკმა ხელი მოაწერა ოქმს, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას გულისხმობდა. ამგვარად, შვედეთს NATO-ს გზაზე ყოველგვარი დაბრკოლება მოეხსნა.

როგორც შვედეთის, ისე აშშ-ს მთავრობებმა დღეს, 7 მარტს მიანიშნეს, რომ პროცესი ვაშინგტონში კრისტერსონის ვიზიტის დროს დასრულდებოდა.

კომენტარები