NATO

თავდაცვისთვის მშპ-ს დასახულ წილს წევრების რეკორდული რაოდენობა გამოყოფს - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Gints Ivuskans/AFP

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, 2024 წელს თავდაცვის ბიუჯეტისთვის ალიანსის მიერ დასახულ მიზანს წევრი ქვეყნების რეკორდული რაოდენობა დააკმაყოფილებს. 

სტოლტენბერგმა თქვა, რომ წელს თავდაცვაზე ბიუჯეტის 2%-ს ან მეტს 31 წევრი ქვეყნიდან 18 დახარჯავს, რაც შარშანდელ მონაცემთან, 11 წევრთან, შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა. 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, იმ წევრი ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს შეთანხმებულ წილს დახარჯავენ, 2014 წლის მონაცემთან, 3 ქვეყანასთან, შედარებით 3-ჯერ გაიზარდა. თუმცა, მან დაამატა, რომ "რეალური პროგრესის" მიუხედავად, ალიანსის ზოგიერთ წევრს განსაზღვრული ხარჯის მისაღწევად "გასასვლელი გზა ისევ დარჩათ". 

2014 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა, NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების მშპ-ს 2%-ს თავდაცვისთვის გამოყოფდნენ. იმ დროისთვის შეთანხმებული სტანდარტი 1.5% იყო.

1990-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანია, NATO-ს სტანდარტის შესაბამისად, საკუთარი მშპ-ს 2%-ს თავდაცვისთვის გამოყოფს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის ქვეყანას ევროპაში "ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი" ექნება და თავდაცვაზე მშპ-ს გამოყოფილ 2%-ს შეინარჩუნებდა "შემდეგ ათწლეულებშიც... უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის". 

სტოლტენბერგის განცხადებამდე, 11 თებერვალს, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, იგი რუსეთს NATO-ს იმ ქვეყნებზე თავდასხმისკენ წააქეზებდა, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ.

"არ ხარჯავ ფულს? უპასუხისმგებლო ხარ? არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მე წავახალისებ მათ, რომ გააკეთონ რა ჯანდაბაც უნდათ. შენ ფული უნდა დახარჯო". - გაიხსენა ტრამპმა საკუთარი სიტყვები.

კომენტარები