NATO

ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, გერმანია თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ბორის პისტორიუსი
Daniel Loeb/dpa via AP

1990-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანია, NATO-ს სტანდარტის შესაბამისად, საკუთარი მშპ-ს 2%-ს თავდაცვისთვის გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ისაუბრა.

არსებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობამ თავდაცვის ხარჯებისთვის მიმდინარე წელს 71.8 მილიარდი ევრო გამოყო. თანხის ზუსტი ოდენობა, რასაც გერმანია თავდაცვაზე დახარჯავს კონფიდენციალურად რჩება.

ამასთან ერთად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ 2024-ში დიდი ალბათობით 18 სახელმწიფო დააკმაყოფილებს ალიანსის 2%-იან სტანდარტს. NATO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 15 თებერვალს, ბრიუსელში გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, თავდაცვის ხარჯების ზრდა იქნება.

11 თებერვალს, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, იგი რუსეთს NATO-ს იმ ქვეყნებზე თავდასხმისკენ წააქეზებდა, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ.

"მე ვთქვი, 'ყველამ უნდა გადაიხადოს'. იმათმა თქვეს, 'თუ ჩვენ არ გადავიხდით, მაინც დაგვიცავთ?' მე ვუპასუხე, 'აბსოლუტურად არა.' [ჩემი] პასუხი ვერ დაიჯერეს". - თქვა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპის თქმით, ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერს პრეზიდენტობის დროს უთხრა, რომ თუკი ისინი თავდაცვაზე საკმარის თანხას არ დახარჯავდნენ, აშშ უარს იტყოდა მათთვის დახმარების გაწევაზე. უფრო მეტიც, ტრამპის თქმით, იგი რუსეთს წააქეზებდა, "როგორც უნდა ისე მოიქცეს".

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც მიანიშნებს, რომ "მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას ძირს უთხრის".

კომენტარები