პაკისტანი

პაკისტანის პარლამენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე შაჰბაზ შარიფი დაამტკიცა

შაჰბაზ შარიფი
Anadolu Ajansi

პაკისტანის ახალი პრემიერმინისტრი შაჰბაზ შარიფი გახდა. პაკისტანის მუსულმანური ლიგის თავმჯდომარე პარლამენტმა აირჩია.

336 პარლამენტარიდან შარიფს მხარი 201-მა დაუჭირა. მისმა ოპონენტმა, პარტია მოძრაობა სამართლიანობისთვის წარმომადგენელმა, ომარ აიუბ ხანმა მხოლოდ 92 ხმა მიიღო.

პაკისტანის წინა პრემიერმინისტრიც შარიფი იყო. პოლიტიკოსი პოსტს 2022 წლის 11 აპრილიდან, 2023 წლის 14 აგვისტომდე იკავებდა. მან ჩაანაცვლა იმრან ხანი, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს.


2024 წლის 27 თებერვალს პაკისტანის სასამართლომ დაპატიმრებულ ყოფილ პრემიერს, იმრან ხანს და მის მესამე ცოლს, ბუშრა ბიბის ხანის პრემიერმინისტრობის დროს თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქრთამის სახით მიწის ნაკვეთების მიღებისთვის ბრალი წარუდგინა.

ბრალდება დაკავშირებულია ხანისა და ბიბის მიერ 2018 წელს, პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია Al-Qadir Trust-თან.

პროკურორების თქმით, წყვილმა უძრავი ქონების დეველოპერისგან, პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენისგან, მალიქ რიაზ ჰუსეინისგან ისლამაბადის მახლობლად 24 ჰექტარი მიწა, ხოლო დედაქალაქში, ხანის რეზიდენციასთან ახლოს, კიდევ ერთი ნაკვეთი მიიღო.

ყოფილი პრემიერის პოლიტიკური პარტიის, თეჰრიკ-ე-ინსაფის (PTI) ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნით წარდგენილ ბრალდებებზე წყვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმეში მონაწილეობას უარყოფს მალიქ რიაზ ჰუსეინიც.

იმრან ხანის წინააღმდეგ უკანასკნელი ბრალდებები მოჰყვა 8 თებერვლის ეროვნულ არჩევნებს, რომელშიც მისმა მხარდამჭერებმა ხველაზე მეტი ხმა ააგროვეს და პარლამენტშიც ყველაზე მეტი ადგილი დაიკავეს, თუმცა, მისმა მოწინააღმდეგეებმა კოალიციური მთავრობის შექმნისთვის შეთანხმება დადეს.

აქამდე, 3 თებერვალს იმრან ხანი და მისი ცოლი, ბუშრა ხანი დამნაშავედ ცნეს უკანონო ქორწინების ბრალდებით. პაკისტანის სასამართლომ მათ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ 71 წლის იმრან ხანს გასულ დღეებში 10 წელი მიესაჯა სახელმწიფო საიდუმლოებების გაჟონვის გამო, ხოლო სახელმწიფო საჩუქრების უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებით მას და მის ცოლს თავისუფლების 14 წლით აღკვეთა შეუფარდეს. ყოფილი პრემიერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანი სამივე საქმის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები