პაკისტანში, ქალაქ ბანუში პოლიციის საგუშაგოზე ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 14 პოლიციელი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, 3 სხვა პოლიციელი დაშავდა - ისინი დანგრეულ საგუშაგოში ცოცხლები იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, იტეჰად-ულ-მუჯაჰიდენმა აიღო.
გამოცემა Reuters-თან საუბრისას ანონიმურმა პოლიციელმა თქვა, რომ ტერორისტები საგუშაგოს ასაფეთქებლებით სავსე მანქანით დაეჯახნენ, შემდეგ კი შენობაში შევიდნენ და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს.
"ადგილზე სხვა სამართალდამცავები გაგზავნეს, რათა პოლიციას დახმარებოდნენ, თუმცა ტერორისტები მათ ჩაუსაფრდნენ, რის შედეგადაც ზოგიერთი დაიღუპა". - თქვა ანონიმურმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ტერორისტებმა თავდასხმაში დრონებიც გამოიყენეს.




