პაკისტანი

პაკისტანის ყოფილი პრემიერი მესამე საქმეში ცნეს დამნაშავედ, ამჯერად უკანონო ქორწინებისთვის

იმრან ხანი

პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრი, იმრან ხანი და მისი ცოლი, ბუშრა ხანი დამნაშავედ ცნეს უკანონო ქორწინების ბრალდებით. პაკისტანის სასამართლომ მათ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არჩევნების წინა კვირაში ეს უკვე მესამე საქმეა, რომელშიც იმრან ხანი დამნაშავედ ცნეს. ყოფილ პრემიერს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვს.

თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გარდა, ცოლ-ქმარს 500 000 პაკისტანური რუპიის გადახდა დაეკისრათ. ბრალდების მიხედვით, ბუშრა იმრან ხანს ცოლად ისე გაჰყვა, რომ წინა ქმართან გაშორების შემდეგ არ დაელოდა ისლამით გათვალისწინებულ პერიოდს, იდათს. მათ საქორწინო ხელმოწერა, რასაც ნიქაჰს ეძახიან, 2018 წლის იანვარში დადეს, იმრან ხანის პრემიერად დანიშვნამდე 7 თვით ადრე. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ისინი იდათის პერიოდის დასრულებას არ დაელოდნენ. თავდაპირველად ცოლ-ქმარი უარყოფდა ხელმოწერის ფაქტს, თუმცა ეს რამდენიმე კვირის შემდეგ იმრან ხანის პარტიამ დაადასტურა. პრემიერი და მისი ცოლი უარყოფდნენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს.

სასამართლოში საჩივარი ბუშრა ხანის ყოფილმა ქმარმა, ხავარ მენექამ შეიტანა. იმრან ხანი ბუშრას ხშირად მოიხსენიებს როგორც საკუთარ "სულიერ ლიდერს". ქალი სუფიზმის მიმდევარია. 

აქამდე, 71 წლის იმრან ხანს გასულ დღეებში 10 წელი მიესაჯა სახელმწიფო საიდუმლოებების გაჟონვის გამო, ხოლო სახელმწიფო საჩუქრების უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებით მას და მის ცოლს თავისუფლების 14 წლით აღკვეთა შეუფარდეს. ყოფილი პრემიერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანი სამივე საქმის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამჟამად იმრან ხანი დაკავებულია და ქალაქი რავალპინდის ციხეში იმყოფება. რაც შეეხება მის ცოლს, ის ისლამაბადის მახლობლად მდებარე სახლში მოიხდის სასჯელს. იმრან ხანს თანამდებობის დაკავება 10 წლით აქვს შეზღუდული.

იმრან ხანის პარტია თეჰრიკ-ე-ინსაფში სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და "სამართლის დაცინვას" უწოდებენ. მათი თქმით, 8 თებერვლის არჩევნებთან დაკავშირებით "დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდება", ამ სასამართლო პროცესების გამო.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს იმრან ხანს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობის დატოვება მოუწია, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ათობით საქმე აღიძრა. მის გადაყენებას მხარს უჭერდა სამხედრო ელიტა, რომელსაც პაკისტანის პოლიტიკაში მთავარი გავლენები აქვს.  ხანი და მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი სამხედროების მიერ მხარდაჭერილი შევიწროების მსხვერპლები არიან. ამ ბრალდებას უარყოფს სამხედროთა ფენა. 

პაკისტანის ანტიკორუფციული სააგენტო წარსულში არა მხოლოდ იმრან ხანის საქმეს, არამედ სხვა პრემიერების ქმედებებსაც იძიებდა და 2008 წლამდე მოქმედ ყველა პრემიერს შეუფარდეს სასჯელი. მათ შორის იყო ნავაზ შარიფიც, რომლის პარტიასაც წინასწარი მონაცემებით არჩევნებზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა ექნება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში მოკლეს დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი, რეჰან ზებ ხანი. ის მანქანაში ჩაცხრილეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვნციამ (ISIS-K) აიღო. დაღუპული კანდიდატი დაკავშირებული იყო ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პარტიასთან.

პაკისტანის საარჩევნო კომისიის (ECP) გადაწყვეტილებით, იმრან ხანის პარტიას საკუთარი პარტიული ლოგოს გამოყენება აეკრძალა, რის გამოც მის კანდიდატებს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებად რეგისტრირება მოუწიათ. 

უკანასკნელ კვირებში ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა პაკისტანში დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი თავდასხმას ემსხვერპლა. მანამდე, 10 იანვარს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს კანდიდატი მალიქ კალიმ ულაჰი მოკლეს. 

ამასთან, 31 იანვარს, ბელუჯისტანის პროვინციაში პაკისტანის სახალხო პარტიის (PPP) რამდენიმე კანდიდატის ოფისებსა და საცხოვრებლებს და პაკისტანის მუსლიმური ლიგის (PML) საარჩევნო ოფისს დაესხნენ თავს. შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა. 

სულ მცირე ერთ-ერთ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, აიღო. 

კომენტარები