პაკისტანი

პაკისტანის ყოფილ პრემიერს და მის მე-3 ცოლს ქრთამად მიწის მიღების საქმეზე ბრალი წარედგინათ

იმრან ხანი
REUTERS/Akhtar Soomro

27 თებერვალს პაკისტანის სასამართლომ დაპატიმრებულ ყოფილ პრემიერს, იმრან ხანს და მის მესამე ცოლს, ბუშრა ბიბის ხანის პრემიერმინისტრობის დროს თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქრთამის სახით მიწის ნაკვეთების მიღებისთვის ბრალი წარუდგინა.

ბრალდება დაკავშირებულია ხანისა და ბიბის მიერ 2018 წელს, პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია Al-Qadir Trust-თან.

პროკურორების თქმით, წყვილმა უძრავი ქონების დეველოპერისგან, პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენისგან, მალიქ რიაზ ჰუსეინისგან ისლამაბადის მახლობლად 24 ჰექტარი მიწა, ხოლო დედაქალაქში, ხანის რეზიდენციასთან ახლოს, კიდევ ერთი ნაკვეთი მიიღო.

ყოფილი პრემიერის პოლიტიკური პარტიის, თეჰრიკ-ე-ინსაფის (PTI) ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნით წარდგენილ ბრალდებებზე წყვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმეში მონაწილეობას უარყოფს მალიქ რიაზ ჰუსეინიც.

იმრან ხანის წინააღმდეგ უკანასკნელი ბრალდებები მოჰყვა 8 თებერვლის ეროვნულ არჩევნებს, რომელშიც მისმა მხარდამჭერებმა ხველაზე მეტი ხმა ააგროვეს და პარლამენტშიც ყველაზე მეტი ადგილი დაიკავეს, თუმცა, მისმა მოწინააღმდეგეებმა კოალიციური მთავრობის შექმნისთვის შეთანხმება დადეს.

აქამდე, 3 თებერვალს იმრან ხანი და მისი ცოლი, ბუშრა ხანი დამნაშავედ ცნეს უკანონო ქორწინების ბრალდებით. პაკისტანის სასამართლომ მათ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ 71 წლის იმრან ხანს გასულ დღეებში 10 წელი მიესაჯა სახელმწიფო საიდუმლოებების გაჟონვის გამო, ხოლო სახელმწიფო საჩუქრების უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებით მას და მის ცოლს თავისუფლების 14 წლით აღკვეთა შეუფარდეს. ყოფილი პრემიერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანი სამივე საქმის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.


მას შემდეგ, რაც 2022 წელს იმრან ხანს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობის დატოვება მოუწია, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ათობით საქმე აღიძრა. მის გადაყენებას მხარს უჭერდა სამხედრო ელიტა, რომელსაც პაკისტანის პოლიტიკაში მთავარი გავლენები აქვს.  ხანი და მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი სამხედროების მიერ მხარდაჭერილი შევიწროების მსხვერპლები არიან. ამ ბრალდებას უარყოფს სამხედროთა ფენა. 

პაკისტანის ანტიკორუფციული სააგენტო წარსულში არა მხოლოდ იმრან ხანის საქმეს, არამედ სხვა პრემიერების ქმედებებსაც იძიებდა და 2008 წლამდე მოქმედ ყველა პრემიერს შეუფარდეს სასჯელი. მათ შორის იყო ნავაზ შარიფიც, რომლის პარტიასაც წინასწარი მონაცემებით არჩევნებზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა ექნება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში მოკლეს დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი, რეჰან ზებ ხანი. ის მანქანაში ჩაცხრილეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვნციამ (ISIS-K) აიღო. დაღუპული კანდიდატი დაკავშირებული იყო ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პარტიასთან.

პაკისტანის საარჩევნო კომისიის (ECP) გადაწყვეტილებით, იმრან ხანის პარტიას საკუთარი პარტიული ლოგოს გამოყენება აეკრძალა, რის გამოც მის კანდიდატებს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებად რეგისტრირება მოუწიათ. 

უკანასკნელ კვირებში ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა პაკისტანში დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი თავდასხმას ემსხვერპლა. მანამდე, 10 იანვარს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს კანდიდატი მალიქ კალიმ ულაჰი მოკლეს. 

ამასთან, 31 იანვარს, ბელუჯისტანის პროვინციაში პაკისტანის სახალხო პარტიის (PPP) რამდენიმე კანდიდატის ოფისებსა და საცხოვრებლებს და პაკისტანის მუსლიმური ლიგის (PML) საარჩევნო ოფისს დაესხნენ თავს. შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა. 

სულ მცირე ერთ-ერთ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, აიღო.

კომენტარები