აშშ-თურქეთი

სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაამტკიცა

ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავი აშშ-სამხრეთ კორეის საერთო სამხედრო წვრთნის ფარგლებში კუნსანის ბაზიდან ფრინდება, 2017
AFP via Getty Images

თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების შემდეგ, აშშ-ში ანკარისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდების პროცესი გააქტიურდა.

26 იანვარს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის თურქეთისთვის მიყიდვა დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესს გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტებზე ერდოღანის მიერ ხელის მოწერის შემდეგ, ოთხმა მაღალი რანგის კანონმდებელმა სახელმწიფო დეპარტამენტს უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ისინიც მხარს დაუჭერენ.

აღსანიშნავია, რომ თანხმობის დადასტურებამდე, კონგრესში თურქეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები მოითხოვეს, რის გამოც, სახელმწიფო დეპარტამენტმა ანკარას დოკუმენტების ნიუ-იორკში ჩატანა სთხოვა. ნიუ-იორკიდან ისინი კანონმდებლებისთვის საჩვენებლად ვაშინგტონში ჩაიტანეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილი ოფიციალური შეტყობინება ნიშნავს, რომ თურქეთისთვის F-16-ების გადაცემას, დიდი ალბათობით, დაბრკოლება აღარ შეექმნება.

თურქეთი შვედეთის ალიანსში მიღების პროცესს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აჭიანურებდა. ის სტოკჰოლმს ზედმეტ ლმობიერებაში ადანაშაულებდა იმ ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ანკარა საფრთხედ განიხილავს და უფრო მკაცრი პოზიციების დაჭერას მოითხოვდა, მათ შორის, ქურთებისა და იმ ქსელის წევრების მიმართ, რომლებსაც 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ედებათ ბრალი.

საბოლოოდ, მოლაპარაკებების შემდეგ, 10 ივლისს, NATO-ს ვილნიუსში გამართულ სამიტამდე ერდოღანი შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა და 23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა სკანდინავიური ქვეყნის NATO-ში მიღების პროტოკოლი რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გაჭიანურდა.

NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ერთდროულად გააკეთეს ფინეთმა და შვედეთმა. ფინეთი ალიანსს გასული წლის აპრილში შეუერთდა.

კომენტარები