შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ერდოღანმა შვედეთის NATO-ში შესვლის კანონპროექტს ხელი მოაწერა

პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში შესვლის მხარდამჭერ კანონპროექტს ხელი მოაწერა.

"მივესალმები თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში მიღების დასტურის რატიფიკაციას". - დაწერა X-ზე შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს.

ერდოღანის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ აშშ-ს ელჩმა ანკარაში, ჯეფ ფლეიკმა თქვა, რომ, მისი მოლოდინით, თურქეთს მალე მიჰყიდიან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს.

უკვე NATO-ს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება უნდა მოახდინოს, მხოლოდ უნგრეთია.

Reuters: ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაამტკიცონ

თურქეთი შვედეთის ალიანსში მიღების პროცესს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აჭიანურებდა. ის სტოკჰოლმს ზედმეტ ლმობიერებაში ადანაშაულებდა იმ ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ანკარა საფრთხედ განიხილავს და უფრო მკაცრი პოზიციების დაჭერას მოითხოვდა, მათ შორის, ქურთებისა და იმ ქსელის წევრების მიმართ, რომლებსაც 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ედებათ ბრალი.

საბოლოოდ, მოლაპარაკებების შემდეგ, 10 ივლისს, NATO-ს ვილნიუსში გამართულ სამიტამდე ერდოღანი შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა და 23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა სკანდინავიური ქვეყნის NATO-ში მიღების პროტოკოლი რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გაჭიანურდა.

NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ერთდროულად გააკეთეს ფინეთმა და შვედეთმა. ფინეთი ალიანსს გასული წლის აპრილში შეუერთდა.

კომენტარები