აშშ-თურქეთი

ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, 21 ივნისი, 2023.
REUTERS/Leah Millis/Pool

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს ტელეფონით ესაუბრა.

ფიდანმა და ბლინკენმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დისკუსიები განიხილეს. 

"ენტონი ბლინკენი დღეს [5 აგვისტოს] თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს ესაუბრა, რათა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობისთვის ხაზი გაესვა. მდივანმა მადლობა გადაუხადა თურქეთს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ხელმძღვანელობისთვის და აღნიშნა გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ, რომ კრემლის მიერ საკვების ომის იარაღად არაადამიანური გამოყენება განიხილოს. მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქეთს იმ ვალდებულებისთვის, რომელიც გულისხმობს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის თურქეთის პარლამენტში რატიფიკაციისთვის გაგზავნას". - წერია განცხადებაში.


შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრებოდა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რუსეთი აცხადებდა, რომ სურდა მისი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი Россельхозбанк კვლავ დაჰკავშირებოდა SWIFT-ის სისტემას და ტოლიატი-ოდესის მილსადენით ამიაკის მიწოდება აღმდგარიყო.

17 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომლის გაშვებაზეც რუსეთის კიევთან იყო შეთანხმებული, აფრიკის საკვების კრიზისს არ ეხმარება, რადგან პროდუქტი ძირითადად მდიდარ ქვეყნებში შედის. ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ დასავლეთმა რუსეთი კიდევ ერთხელ მოატყუა მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში და მოსკოვი მის დატოვებას ფიქრობდა. მაისის შუა რიცხვებში, რუსეთის მიერ შეთანხმების დატოვების საფრთხის მიუხედავად, ის ორი თვით გახანგრძლივდა. 

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევმა შესაძლოა დაუშვას რუსული ამიაკის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიაზე გავლით, თუ რუსეთისგან და გაეროსგან მიიღებენ გარანტიას, რომ მარცვლეულის შეთანხმება შეუფერხებლად იმუშავებს.

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ 11 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკის (Россельхозбанк) შვილობილი კომპანიის SWIFT-ის სისტემასთან კავშირის აღდგენა შესთავაზა.

კომენტარები