დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

აშშ-მ ჰუსიტების ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაშვების წინ გაანადგურა

ამერიკის საჰაერო ძალების F-16 ერაყში, 2008 წელი.
Master Sgt. Andy Dunaway/United States Air Force

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, 24 იანვრის გამთენიისას იემენის ტერიტორიაზე გაანადგურეს ჰუსიტების ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლებსაც გასაშვებად ამზადებდნენ.

აშშ-ს ძალებმა აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ჰუსიტების რაკეტები დამიზნებული იყო წითელი ზღვის სამხრეთ სექტორის მიმართულებით და მყისიერ საფრთხეს უქმნიდა სავაჭრო ხომალდებსა და აშშ-ს საზღვაო ძალებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მიზნით, გამზადებულ რაკეტებზე იერიში მიიტანეს.

"ეს ქმედება დაიცავს ნავიგაციის თავისუფლებასა და საერთაშორისო წყლებს გახდის უფრო უსაფრთხოს აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდებისა და სავაჭრო გემებისთვის". - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

აქამდე, გასულ დღეს აშშ-მ დიდ ბრიტანეთთან ერთად იერიშები მიიტანა ჰუსიტების რვა სამიზნეზე.

ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს, რომლებიც დედაქალაქის ჩათვლით იემენის ნაწილს აკონტროლებენ, პერიოდულად მიჰქონდათ იერიშები სავაჭრო გემებზე, რომლებიც წითელ ზღვაში გადაადგილდებოდნენ. მათი გააქტიურება ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა.

კომენტარები