დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

აშშ-მ ერაყში ირანის მხარდაჭერილ ჯგუფებზე საპასუხო იერიში მიიტანა

ერაყული შიიტური დაჯგუფება კათაიბ ჰეზბოლას წევრები ბაღდადში.
AFP

აშშ-მ ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფება კათაიბ ჰეზბოლასა და სხვა პროირანული ძალების სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

აშშ-ს სამიზნე იყო დასავლეთ ერაყში, სირიის საზღვრის მახლობლად მყოფი სამი სამხედრი ობიექტი.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განაცხადებით, იერიშების მიტანის ბრძანება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

აშშ-ს იერიშები იყო პასუხი იმ თავდასხმაზე, რომელიც პროირანულმა ძალებმა დემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე დრონების გამოყენებით მიიტანეს. ისინი 2 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხნენ ალ-ასადის საჰაერო ბაზას. შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდნენ ამერიკელი სამხედროები. აქამდე კი, 20 იანვარს ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ამერიკულ ბაზაზე თავდასასხმელად ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის თქმით, საპასუხო დარტყმების სამიზნეები იყო შტაბები, საწყობები და საწვრთნელი ადგილები, სადაც რაკეტებისა და დრონების გამოყენებაში ვარჯიშობდნენ.

"პრეზიდენტი ბაიდენის მითითებით, აშშ-ს ძალებმა ერაყში მიიტანეს საჭირო და პროპორციული იერიშები კათაიბ ჰეზბოლასა და ირანთან დაკავშირებული სხვა ჯგუფების სამ ობიექტზე. ეს მაღალი სიზუზსტის დარტყმები არის პირდაპირი პასუხი ირანის დაფინანსებული ჯგუფების მიერ აშშ-სა და კოალიციის სამხედროებზე ესკალაციის გამომწვევი თავდასხმების სერიაზე". - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-მ საპასუხო დარტყმები კათაიბ ჰეზბოლასა და სხვა პროირანული ძალების ობიექტზმებზე გასული წლის დეკემბრის ბოლოსაც მიიტანა.

ირანის მხარდაჭერილი ძალები ღაზის სექტორში ისრაელის მიერ ჰამასის წინააღმდეგ დაწყებული სახმელეთო ოპერაციის პარალელურად გააქტიურდნენ. ერაყული დაჯგუფებები პერიოდულად თავს ესხმიან ამერიკულ ბაზებს, ხოლო იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში გამავალ სავაჭრო ხომალდებს. რეგიონში გააქტიურდა თავად ირანიც და იერიშები მიიტანა სირიის, ერაყისა და პაკისტანის ტერიტორიებზე, სადაც მათი თქმით, შეიარაღებული დაჯგუფებები იმალებოდნენ. ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონზე მიტანილი იერიშის დროს ირწმუნებოდნენ, რომ სამიზნე ისრაელის ჯაშუშები იყვნენ.

კომენტარები