გამოსახლება

რა თქვეს ოპოზიციურმა პარტიებმა კეკელიძიდან ოჯახის გასახლებაზე

ტაბულა

23 იანვარს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პოლიციის დახმარებით თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა. აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, რის გამოც, 20 ადამიანი დააკავეს.

თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ამ სტატიაში მათი პოზიციებია თავმოყრილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გამოსახლებას არაჰუმანური აქტი და "ფაქტობრივად სისხლის სამართლის დანაშაული" უწოდა და თქვა, რომ გამოსავალი ევროკავშირის წევრობაა.

"მილიარდერმა ოლიგარქმა პირდაპირ ეთერში გვაყურებინა, ზამთარში, ყინვაში, ძალით მევახშემ, ბანკირმა მოქალაქე სახლიდან როგორ გამოაგდო. ამიტომ, არჩევანი უმარტივესია. აქეთ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე, იქით ევროპული ცივილიზაცია [...] ამიტომ, მარტივი არჩევანი გვაქვს - უსწრაფესად ევროკავშირის წევრობა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში 30-35%-იანი სესხები აღარასდროს აღარ იქნება". - თქვა ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარი გააკეთა ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბოტკოველმაც. მისი აზრით, იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს, აუცილებელია საბანკო სექტორის რეგულირება.

"თუ რამეს სჭირდება დღეს რეგულაცია, სჭირდება სწორედ ამ ამაზრზენ რამეს, ეს არის საბანკო ოლიგარქია და ეს არის მევახშეობა. ზედა ზღვარი უნდა არსებობდეს პროცენტის, უნდა იცავდეს მოქალაქეს უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების პირობებში კანონი [...] რა მოგვიტანა მევახშეობამ და საბანკო ოლიგარქიამ? მოგვიტანა ის, რომ ბანკები და მევახშეები ხდებიან ყველაფრის ბატონ-პატრონები. ყველა სფეროს აკონტროლებს დღეს ბანკი". - თქვა ბოტკოველმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

საქართველოსთვის

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს თბილისის საკრებულოში, სხდომასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე მოკლედ გამოეხმაურა.

"აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და შევახსენოთ ოცნებას, რომ თქვენსა და ნაცებს შორის არათუ სხვაობა აღარ არის, არამედ ერთმანეთზე უარესები ხართ და დღევანდელი ოცნება სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი "ნეონაცური" წარმონაქმნი, რომელიც ხელისუფლებაში ბოლო დღეებს ითვლის!" - თქვა პარტიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე.

ევროპული საქართველო

საკითხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ ევროპულ საქართველოში. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, სესხზე მაღალი პროცენტები სწორედ რეგულაციების შედეგია.

"ამ ვითარებაში გამოსავალია არა დამატებითი რეგულაციები, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი, საკუთარი შრომით მოიპოვონ შემოსავალი და ასეთ რთულ და ტრაგიკულ ვითარებაში არ აღმოჩნდნენ. ყველა, ვინც დღეს დამატებითი რეგულაციებს მოითხოვს მდიდარი ევროპული ქვეყნების მაგალითებით, ივიწყებს იმას, რომ ამ სფეროში უამრავი რეგულაცია უკვე შემოტანილია ამ რეჟიმის წყალობით. ზერეგულაციები დაწესდა სწორედ მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით და მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ რეგულაციების შედეგია, რომ ასეთი ძვირია სესხის აღება და მაგას მიჰყავს შემდგომ მოქალაქეები სწორად ამ კატასტროფულ მდგომარეობამდე. თუ ევროპიდან სოლიდარობის მაგალითები გვინდა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს არ უნდა ჰქონდეთ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და ამაზე უნდა ზრუნავდეს საზოგადოება და სახელმწიფო". - თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა, რომ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებზე საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, თუმცა ეს ბანკებსა და მევახშეებზე ძალმომრეობით ვერ მიიღწევა და იმისთვის, რომ საქართველოში ფულის სესხება ძვირი არ ღირდეს, "ვალის აღება და ამოღება კი არ უნდა გავართულოთ პოპულისტური ისტერიკით, პირიქით - ფულის გაცემა და ამოღება უფრო იოლი უნდა გავხადოთ და თავისუფალი სასამართლო შევქმნათ, რომლის მიმართაც ნდობა იარსებებს".

პარტიის კიდევ ერთი წევრი, ოთო კახიძე კი წერს, რომ კანონი ფულის გასესხებას ვერავის დააძალებს და "მტაცებელი გამსესხებლებისგან" "იპოთეკით დაზარალებულთა" დაცვის ეგიდით ძვირდება სესხები წესიერი გადამხდელებისთვის და ადამიანები ვერ ახერხებენ თავიანთი საკუთრებით სრულფასოვნად სარგებლობას".

გირჩი - მეტი თავისუფლება

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე განცხადებით გამოეხმაურა. მათი თქმით, პრობლემის მთავარი მიზეზი სიღარიბეა. ამასთან, რეგულაციების შემოღებით მთავრობამ მოსახლეობას სესხები გაუძვირა, რის გამოც ისინი მიკროსაფინანსოებსა და მევახშეებს მიმართავენ. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მეტი რეგულაცია უარეს პრობლემას შექმნის და გამოსავალი ბაზრის გახსნა, გადასახადების შემცირება და ინდივიდზე მორგებული გარემოს შექმნაა.

დანარჩენ პარტიებს საკითხთან დაკავშირებით პროაქტიული პოზიცია არ გამოუთქვამთ. ტაბულა მათგან პრობლემის გადაჭრის გზებზე კომენტარის მიღებას შეეცდება

საბანკო რეგულაციებზე პარტიების ხედვის შესახებ წაიკითხეთ ტაბულას სტატია: საბანკო რეგულაციების არაეფექტიანობა და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

კომენტარები