სტალინის გამოსახულება ხატზე

იოსელიანი: პიროვნულადაც, როგორც სახალხო დამცველისთვისაც, მიუღებელია, რაც ვიხილეთ სამებაში

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისთვის ლურჯი საღებავის შესხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოხატვის მსგავსი ფორმა მისთვის პიროვნულადაც და როგორც ომბუდსმენისთვისაც მიუღებელია.

"უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. [...]

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ჩემთვის, ადამიანურად, პიროვნულადაც, როგორც სახალხო დამცველისთვისაც, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში". - თქვა იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით.

9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.

10 იანვარს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა

11 იანვარს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ". საპატრიარქომ მიმართა შემომწირველებს, რომ ცვლილება ხატში ან თავად შეეტანათ, ან ამას ეკლესია გააკეთებდა.

17 იანვარს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა დაადასტურა, რომ ხატი ცვლილებების შესატანად სამების დაცულ სივრცეში გადაიტანეს.

19 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინთან ერთად თავად ხატის შემწირველებიც, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილიც არიან გამოსახული. ისინი გავრცელებულ ცნობას უარყოფენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების თქმით, ის სამებისთვის მათი შეწირულია.

კომენტარები