სტალინის გამოსახულება ხატზე

საპატრიარქო: სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, შეხვედრა წმ.მატრონასთან არაა აღიარებული

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ".  საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

"წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო,  ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი  ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და  დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა.  ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:

საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება  დახატული იყოს  არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ   არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.

ვინაიდან ი.სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი  წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ  გავაკეთებთ" - ნათქვამია განცხადებაში.

9 იანვარს, Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ამაზე შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მან შესწირა ხატი სამების საკათედრო ტაძარს და "ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს". 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.

კომენტარები