სტალინის გამოსახულება ხატზე

"ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა" – ნატა ფერაძე დააკავეს

აქტივისტმა ნატა ფერაძემ დაკავებამდე თქვა, რომ მის მიმართ 5-დღიანი პატიმრობის გამოყენებით რადიკალების, ორკების მოთხოვნა შეასრულეს. ის ასევე ამბობს, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარების გამო, დაცვა მოითხოვა, თუმცა, მისივე განცხადებით, ამაზე სახელმწიფო უწყებებს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ.

"ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება [...] ინანებენ, ციხეში რომ მივყავარ, იმიტომ, რომ შიგნიდან ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან, თუ რა მიქარვებია [...] რა თქმა უნდა, რადიკალების, ორკების მოთხოვნა შეასრულეს. ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა [...] აქამდე, სასამართლო ჯარიმას იყენებდა ხოლმე, მაგრამ ნახეს, რომ ეს თანხა გროვდებოდა და ეს არ გვაფერხებდა. ახლა კი დაშინების ამ მეთოდზე გადავიდნენ და თან ალტ-ინფოს უგორებენ, რომ აი, თქვენი წმინდა სტალინის შელახვისთვის ციხეში ვსვამთო [...]  საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ.

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბევრი მუქარა იყო და მე დაცვა მჭირდებოდა. მაგრამ, რეაგირება საერთოდ არ ჰქონიათ. ჩვენმა ე.წ. სამართალდამცველებმა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე პირი ამოიკერეს. დახმარება ამერიკამ შემომთავაზა. ქართული ოცნება კი მეუბნება, რომ ფეხებზე ვკიდივარ და საერთოდ მიგდებული ვყავარ. ოფიციალურად შევიტანეთ მოთხოვნა, რომ ჩემთვის დაცვა დაეყენებინათ. ვალდებულება აქვთ, რომ ამაზე პასუხი გამცენ, მაგრამ ეს ლაჩრები პასუხს არ გვცემენ და ტელეფონს გვიკიდებენ". - თქვა ფერაძემ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე პირდაპირ ეთერში.

დღეს, 2 თებერვალს ნატა ფერაძე პოლიციელებმა საკუთარ სახლში დააკავეს. მას სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ფერაძის მიმართ საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იყო აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.

10 იანვარს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა

11 იანვარს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ". საპატრიარქომ მიმართა შემომწირველებს, რომ ცვლილება ხატში ან თავად შეეტანათ, ან ამას ეკლესია გააკეთებდა.

17 იანვარს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა დაადასტურა, რომ ხატი ცვლილებების შესატანად სამების დაცულ სივრცეში გადაიტანეს.

19 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინთან ერთად თავად ხატის შემწირველებიც, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილიც არიან გამოსახული. ისინი გავრცელებულ ცნობას უარყოფენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების თქმით, ის სამებისთვის მათი შეწირულია.

კომენტარები