სტალინის გამოსახულება ხატზე

აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან ორკ-ქოცები შეიკრიბნენ – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ორკ-ქოცები ნატა ფერაძის სახლთან, 10 იანვარი
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. ორკ-ქოცები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც აქტივისტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი აქვს შესხმული. აქციასთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.

შსს-ს განცხადებაში წერია, რომ შეკრების ადგილას მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მზად არის აღკვეთოს აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეების მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი". - წერია სამინისტროს განცხადებაში.


9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. 

შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მან შესწირა ხატი სამების საკათედრო ტაძარს და "ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს". 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.

კომენტარები