სტალინის გამოსახულება ხატზე

მეუფე შიო: უფალს ვევედროთ, ისეთი კანონი მოქმედებდეს, ასეთი რამის გაკეთება ვერ გაბედონ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სამების ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას გამოეხმაურა.

"დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ შევცოდოთ და უფლისთვის სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ - რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს, რომ ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა აღარ განმეორდეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამების ტაძარში ვიხილეთ. უფალს ვევედროთ, რომ ჩვენში ისეთი სულიერი განწყობა, შემართება სუფევდეს და საქართველოში ისეთი კანონმდებლობა მოქმედებდეს, რომ ასეთი რამის გაკეთება მავანმა ვერც კი გაბედოს". - თქვა მეუფე შიომ სამების ტაძარში ქადაგების დროს.


9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.

10 იანვარს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა და "ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს". ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმაც გააკეთა კომენტარი. მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.

კომენტარები