დონალდ ტრამპი

სასამართლომ დონალდ ტრამპს New York Times-ისთვის დაახლოებით $400 000-ის გადახდა დააკისრა

REUTERS/Jonathan Ernst

სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და სამი გამომძიებელი ჟურნალისტისთვის 392 638 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლე რობერტ რიდის გადაწყვეტილებით, ყოფილმა პრეზიდენტმა გამოცემასა და ჟურნალისტებს მათ წინააღმდეგ შეტანილი წარუმატებელი სარჩელის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს.

"დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება [SLAPP - საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო სარჩელები] პრესის თავისუფლების დასაცავად ძლიერი ძალა შეიძლება იყოს. ეს სასამართლოს გზავნილია მათთვის, ვისაც ჟურნალისტების გასაჩუმებლად სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება უნდათ". - თქვა New York Times-ის სპიკერმა, დანიელ როუდს ჰამ. 

2021 წელს ტრამპმა New York Times-ის, მისი სამი ჟურნალისტისა და საკუთარი ძმისშვილის, მერი ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიის გამო $100 მილიონის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ტრამპი ჟურნალისტებს მისი ძმისშვილის მიზანმიმართულად მოძიებასა და მისგან კონფიდენციალური საგადასახადო ჩანაწერების გამოთხოვნაში ადანაშაულებს.

სასამართლომ New York Times-სა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრალდებები არ დააკმაყოფილა, თუმცა მერი ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი კვლავ განიხილება და მისი თხოვნა სასამართლოს დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მოსამართლემ უარყო. 

ტრამპის იურისტმა, ალინა ჰაბამ, თქვა, რომ სარჩელისგან გამოცემისა და ჟურნალისტების გათავისუფლებით იმედგაცრუებულები არიან. მისივე თქმით, კმაყოფილები არიან, რომ სასამართლომ "კიდევ ერთხელ დაადასტურა მერის წინააღმდეგ ჩვენი მოთხოვნების ძალა და უარყოფს მის მცდელობას, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა".

New York Times-ის სტატიაში, რომელმაც პულიცერის პრემია მოიგო, წერია, რომ  წლების განმავლობაში  მამამისმა ტრამპი სულ მცირე $413 მილიონით დააფინანსა და საამისოდ გადასახადებისთვის თავის არიდების სქემებიც გამოიყენა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჟურნალისტებსა და მერი ტრამპს "პიროვნული ვენდეტა ამოძრავებდათ" და მონაწილეობდნენ "მზაკვრულ შეთქმულებაში კონფიდენციალური და ძალიან სენსიტიური ჩანაწერების მოსაპოვებლად, რომლებიც თავიანთი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს". 

კომენტარები