ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერაყში აშშ-ს ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ ამერიკამ პროირანულ დაჯგუფებაზე იერიში მიიტანა

აშშ-ს ალ-ასადის ბაზა ერაყში, 2019
AP

21 ნოემბერს ერაყში აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ პროირანული ჯგუფის ორ პიკაპის ტიპის მანქანაზე მიიტანა იერიში. ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, საპასუხო იერიშში შეიარაღებული ვერტმფრენის მეშვეობით განხორციელდა.

მეორე ოფიციალური პირი, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით გააკეთა განცხადება, ადასტურებს, რომ ამერიკის მხრიდან "თავდასხმაზე საპასუხო თავდაცვით ქმედებას" დაჯგუფების ერთი წევრი ემსხვერპლა, სულ მცირე სამი კი დაიჭრა. მისი თქმით, ავტოკოლონა ანბარიდან ბაღდადისკენ მიემართებოდა.

ამავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, ალ-ასადის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, თავდასხმა განხორციელდა. აშშ-ს ოფიციალური სამხედრო პირის თქმით, იერიშის შედეგად რამდენიმე ამერიკელი პერსონალი მცირედ დაშავდა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ერაყში ამერიკელი სამხედროები ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებთან საბრძოლველად არიან განლაგებული.

7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ რეგიონში ამერიკულ ბაზებზე იერიშები გახშირდა. პროირანული დაჯგუფებების თქმით, აშშ-ს ბაზებზე იერიშები ამერიკის მხრიდან ომში ისრაელის მხარდაჭერის საპასუხოდ ხორციელდება.

ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდი და დამატებით 2000 საზღვაო ქვეითი გაგზავნა, ხოლო 5 ნოემბერს რეგიონში ბირთვული წყალქვეშა ნავების განთავსება დააანონსა.

კომენტარები