საგარეო ვაჭრობა

იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 16.2%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.  

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, $17 786.1 მილიონია, რაც წინა წელთან შედარებით 16.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $5 102.7 მილიონი, ხოლო იმპორტი $12 683.4 მილიონია. ამასთან, ორივე მათგანი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს აღემატება – ექსპორტი 12.5%-ით, ხოლო იმპორტი 17.8%-ითაა გაზრდილი. 

ამავე დროით პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $7 580.7 მილიონი შეადგინა. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო მიანიშნებს, რომ ქვეყნის იმპორტი აღემატება ექსპორტს. ამასთან, ტენდენცია წინა წლების მსგავსია.

საქსტატის განმარტებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები