ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ვლოცულობთ მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისთვის – ილია II ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, ილია II-მ ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო მწუხარება გამოთქვა, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და თქვა, რომ "ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის".

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა და საუბრისას ხაზი გაესვა ქართველ და ისრაელელ ხალხს შორის საუკუნეთა განმავლობაში არსებულ ძმურ ურთიერთობას.

"ამასთანავე, ქალბატონმა ჰადას მეიცადმა შეხვედრაზე დამსწრეებს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ". - წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქისა და ელჩის გარდა, შეხვედრას მეუფე შიო, მიტროპოლიტი თეოდორე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და ისრაელის ელჩის თანხმლები პირები ესწრებოდნენ.

ასევე, საპატრიარქო წერს, რომ ისრაელის ელჩმა პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ პატივისცემა გამოხატა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.

კომენტარები