კანდიდატის სტატუსი

ჭიაბერაშვილი: იმედია, ქართველთა ნება უზრუნველყოფს, რომ სტატუსის მონიჭება აღარ გადავადდეს

ჩვენი ყურადღება ევროპის დედაქალაქისკენ, ბრიუსელისკენ არის მიპყრობილი. მაგრამ ჩვენი ყურადღება, ასევე, მიპყრობილია კირბალისკენ, სადაც ოკუპანტებმა მოკლეს თამაზ გინტური და გაიტაცეს ლევან დოთიაშვილი. ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, ევროკავშირი და NATO არის დაცვა და გარანტია, რომ საქართველოში რუსული ოკუპაცია დასრულდეს და ქართველმა საკუთარ მიწაზე მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვროს. ამიტომაა ევროკავშირი ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველოში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა. ყველაფერი ის, რაც აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ვარდების რევოლუციის შემდგომ განხორციელებულმა რეფორმებმა მყარი ნიადაგი შექმნა სწორედ ამისათვის და დღეს ამ გზაზე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გვსურს. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. წესით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო 2022 წლის ივნისში, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს სტატუსი და სამწუხაროდ, ქართული ოცნების ანტიევროპული, რუსული პოლიტიკის გამო ევროკავშირმა, რომელსაც ძალიან უნდა საქართველოს და ქართველი ხალხის წარმატება, ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღო და მოხდა გადადება. [...]

ქართული ოცნების არაერთმა ნაბიჯმა, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, ძალიან დააზიანა ჩვენი პერსპექტივა და საფრთხე შეუქმნა ამ პროცესს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი მკაფიო ნება უზრუნველყოფს, რომ მეორედ აღარ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადავადება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ჩვენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ამბობს ენმ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კანდიდატის სტატუსზე და ევროკომისიის მოსალოდნელ რეკომენდაციებზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება დღეს, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე გახდება ცნობილი.

კომენტარები