კანდიდატის სტატუსი

POLITICO: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემენ

Shame Movement / Facebook

Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები დღეს, 8 ნოემბერს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის პროგრესი, მათ შორის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსი. 

გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკომისიის წარმომადგენლები უკვე შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე - ისინი რეკომენდაციას გასცემენ უკრაინისა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად - იმ პირობით, რომ ეს ქვეყნები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით შესაბამის რეფორმებს გაატარებენ. 

Politico ასევე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისიის კაბინეტის ხელმძღვანელები ვერ შეთანხმდნენ, გასცენ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად შესაბამისი რეკომენდაცია ბოსნია-ჰერცეგოვინასთვისაც.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა სარაევოს რეკომენდაცია ან გადადოს მოლაპარაკებების დაწყება, მანამ სანამ ქვეყანა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ რეფორმებს გაატარებს.


2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული რეფორმა, მედიის თავისუფლება. 

რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, დანარჩენი 9 პროცესშია.

კომენტარები