კანდიდატის სტატუსი

"იმედი მაქვს, ნაყოფიერი იქნება" - პარლამენტში 9 პუნქტზე პირველი შეხვედრა დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ". პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ სამუშაო ფორმატში ჩართული იქნება როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი.

"ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია, ვინაიდან იცით, რომ ცხრა ნაბიჯიდან, განსხვავებით 12 რეკომენდაციისგან, მხოლოდ ნაწილი არის ისეთი საკითხები, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაა კანონშემოქმედებით ნაწილში, ხოლო დიდი ნაწილი პრაქტიკასთან არის  დაკავშირებული, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს“, – თქვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გირჩის, მოქალაქეების და ხალხის ძალის წევრები. განხილვაში არ მონაწილეობს ლელო. ანა ნაცვლიშვილის თქმით, "ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესებისა და კომისიების დრო".

ენმ-ის წევრი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ "ვაპირებთ ჩვენი გეგმის წარდგენას ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში".

"ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და შეხვედრის შემდეგ ალბათ მექნება უფრო მეტი საშუალება, გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა ნამდვილად ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას იმ მიმართულებით იმოძრავოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს" - თქვა კირკიტაძემ.

შეხვედრას ესწრება დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდიაც.

"უმეტესობა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების ესწრება ამ შეხვედრას, შესაბამისად, განსხვავებული იქნება წელს ეს ყველაფერი, მე პირადად, ვიქნები ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა, როგორ ხედავს ქართული ოცნება და თუ რაიმე პოლიტიკური ნება მაინც არსებობს გარკვეული ცვლილებების" - თქვა აქუბარდიამ.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და 9 რეკომენდაცია მისცა.

კომენტარები