საქართველოს პარლამენტი

ბერაიას საკითხზე ქალი დეპუტატები NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ

ქართული ოცნების დეპუტატების შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ. 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია NATO-ში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია. ქალი დეპუტატების თქმით, მათი წერილის მიზანი NATO-ს ინფორმირებასთან ერთად, ბერაიასთვის დისკომფორტის შექმნაა. 

"ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტმა, დელეგაციის ყველა ქვეყნის მეთაურმა უნდა იცოდეს, თუ რა მძიმე მოცემულობაა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, გავაცნოთ მას ჩვენი პოზიცია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი ბერაია ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააგრძელებს ჩემს დაბლოკვას, როგორც დელეგაციის წევრის, Მაგრამ ეს არის შესაძლებლობა ჩვენი, რომ ერთის მხრივ, დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა, რომ ის გადადგეს და მეორეს მხრივ, მას მორალური უფლება აღარ ჰქონდეს, რომ ასეთი თავდასხმები განახორციელოს." - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ამის გარდა, აქუბარდია  ირაკლი ბერაიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას და სახალხო დამცველისთვის მიმართვას აპირებს. 

ენმ-ის დეპუტატის, თინა ბოკაჩავას თქმით კი,  "Ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეცედენტი შეიქმნას, წარმოუდგენელია, ბერაია იკავებდეს თანამდებობას". მან ასევე აღნიშნა, რომ "მსგავსი დამოკიდებულება არის სირცხვილი და პირველ რიგში, ეს არის ასახვა ზუსტად უმრავლესობის რეალური სახის".


31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს". ამის გამო, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, ბერაიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ "გულწრფელად ბოდიში" მოიხადა, თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აპირებს, რომ ქართული ოცნების წევრს, ირაკლი ბერაიას სასამართლოში უჩივლოს. 

"გაჩერებას არ ვაპირებ. ქართულმა ოცნებამ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც" - თქვა აქუბარდიამ.

პარლამენტში დეპუტატების მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი კომენტარები დაგმო სალომე ზურაბიშვილმაც. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტყვები, რაც მოისმინა, მთლიანად შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს.

წითლიძისა და აქუბარდიას სიტყვიერ შეურაცხყოფას ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა, რომ "მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს".

კომენტარები